აკაკი ზოიძე - დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა სამწუხარო ფაქტია, გუნდში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვა სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია.
როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, მომავალში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ასეთი ფორმით არ უნდა განმეორდეს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, ასეთი რამ გუნდში არ უნდა ხდებოდეს, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქმე აქამდე არ უნდა მიდიოდეს. გადაწყვეტილება სამდივნომ მიიღო, დასაბუთება მოცემულია. ჩემთვის ეს სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. ვინ და რას ფიქრობს, ეს მათი საქმეა. ამ გადაწყვეტილებას გაფრთხილებად არ ვიღებ. ჩემთვის ფაქტი არასასიამოვნო და სამწუხაროა, რომელიც მომავალში ასეთი ფორმით არ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა ზოიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“პარტიიდან უმრავლესობის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.