აკაკი ზოიძე - ჭარბვალიანობისგან გათავისუფლება ეკონომიკისთვის მეორე სუნთქვის მიცემა იქნება
ჭარბვალიანობისგან გათავისუფლება ეკონომიკისთვის მეორე სუნთქვის მიცემა იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი ზოიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირველი არხისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
აკაკი ზოიძე ქვეყანაში სიღარიბის დონის ზრდას ლარის გაუფასურებით ხსნის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს კი იმ რეფორმებში ხედავს, რომელთა შესახებაც ინიციატივა ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის.
„ობიექტური რეალობაა, რომ ლარის დევალვაციისა და მაღალი ინფლაციის პირობებში მოხდა სიღარიბის დონის ზრდა. რეფორმების ახალი პაკეტებით, რაც მთავრობას ჰქონდა, ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფით, იმედია, სიტუაციის მკვეთრად შებრუნებასა და სიღარიბის დონის შემცირებას შევძლებთ. ასევე, ამ და შემდგომ წლებში ამ ტემპის დაჩქარებასა და უთანასწორობის შემცირებას. მთელი ის პაკეტი, რაც წარმოადგინა მთავრობამ სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ჭარბვალიანობისაგან გათავისუფლება – ეკონომიკისთვის მეორე სუნთქვის მიცემა.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, იმის გამო, რომ ჰქონდათ საგადასახადო დავალიანება, ბანკებისა და კერძო მევახშეების ვალი, მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ დოვლათის შექმნაში და ამ დოვლათით თავიანთი ოჯახების ცხოვრების ხარისხი აამაღლონ. იმავდროულად კი, ქვეყნის განვითარების ტემპი მკვეთრად დაჩქარდეს. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, 2030 წლისთვის რეალურად შევძლებთ ეკონომიკის გასამმაგებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, ის რეფორმები, რაც მამუკა ბახტაძის მიერ იყო შემოთავაზებული“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ამასთან, აკაკი ზოიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის გადგომის მიზეზსაც შეეხო და განმარტა, რომ მისი და „ქართული ოცნების“ შეხედულებები ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
„რაც შეეხება წინა მთავრობის თემას, ამაზე უკვე ბევრი ითქვა. შეფასებით ნაწილში რომ არ ემთხვეოდა ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით პარტიის ხედვას, სწორედ ეს იყი ძირითადი მიზეზი, რის გამოც გიორგი კვირიკაშვილი გადადგა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის გადაცემის – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმარი იყო. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირველ არხთან ინტერვიუში ყველა იმ აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, რომელიც პოლიტიკაში მის დაბრუნებას და პარტია „ქართული ოცნების“ გეგმებს უკავშირდება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა და უნდა წასულიყო.