აკაკი ზოიძე - ასეთი სიძულვილით და მოწოდებებით მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება
აკაკი ზოიძე - ასეთი სიძულვილით და მოწოდებებით მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება

მიხეილ სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, სააკაშვილი ცდილობს, კვლავ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში.

„ძალიან დასანანია, რომ ეს ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და თავს  უფლებას აძლევს, ასეთი ენით ისაუბროს. საერთოდ, რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ახლა, როდესაც უკრაინიდანაც გამოაძევეს, ცდილობს, რომ კვლავ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ასეთი სიძულვილით, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება, სადაც უკვე უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი მომსახურების არედან გასულია და  ეს კაცი დასაჭერია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, დაპირისპირება საქართველოს მხოლოდ ცუდ შედეგამდე მიიყვანს.

„ამ ქვეყანაში დაპირისპირება, გახლეჩა, კვლავ სიძულვილი, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს და მივიღებთ დანგრეულ ქვეყანას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ მიმართვაში გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია არ პასიურობს, ორგანიზდება და 16-სთვის კარგ ფორმაში იქნება.