აკაკი ზოიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები ზოგჯერ პოლიტიკური ოპონირების რეჟიმს გავს
კორუფციისა და ნეპოტიზმის თითოეული ფაქტი ძალიან საყურადღებოა, მაგრამ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ხოლმე ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კორუფციის საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, კორუფციისა და ნეპოტიზმის საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ერთსა და იმავე მონაცემებს აქვეყნებს.
„ზოგჯერ რაღაც პოლიტიკურ ოპონირების რეჟიმს გავს ის, რა რეჟიმითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ანგარიშებს აქვეყნებენ და როგორი ფორმით ხდება ამ რეკომენდაციების წარდგენა. ხალხს აღქმა აქვს, რომ ნეპოტიზმი არის ფართოდ გავრცელებული. პირველ რიგში ეს არის მიმართულება, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან, მაქსიმალურად უნდა მოხდეს კონცენტრაცია. საჯარო სამსახურში ადამიანების მიღება ხდება ღირსებით, პროფესიონალიზმითა და არა ვიღაცის ნათესაური კავშირით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეს მენტალიტეტი შეიცვალოს. ამ კუთხით სამუშაო ნამდვილად ბევრია“, – განაცხადა ზოიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევისას რესპონდენტებს, სხვა კითხვებთან ერთად, ასეთი კითხვითაც მიმართეს, – თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე? ამ კითხვაზე გამოკითხულთა 58% პასუხობს – დიახ; 27% – არა; კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 15%-მა.