აკაკი მინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ქმედება სამწუხაროა, მანიფესტიც და კონფერენციაც, საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა არა ერთიანობას, არამედ პარტიიდან ადამიანების გაგდებას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე გამართული კონფერენცია და მანიფესტიც არა ერთიანობას, არამედ პარტიის გაყოფას ემსახურებოდა.
მინაშვილის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება ძალიან სამწუხაროა.
ამასთან, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ახალი მენეჯმენტის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ ზიანდება.
„„ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონფერენცია გამართა „ვარდების რევოლუციაზე“ და მანიფესტი გამოიტანა, ეს მანიფესტიც და კონფერენციაც, საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა არა ერთიანობას, არამედ პარტიის გაყოფას, იმას, რაც გუშინ დადასტურდა – პარტიიდან ადამიანების გაგდებას, რაც არასწორი, ძალიან მძიმე და სამწუხარო საქციელია. ეს არ მოუტანს პარტიას წარმატებას. ჩემი პოზიცია იგივე რჩება, კრიტიკულად ვიყავი განწყობილი ამ მენეჯმენტის მიმართ და რვა თვის განმავლობაში რა ნაბიჯებიც გადადგეს და რა გზავნილებიც ჰქონდათ, ამან კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის მიმართ. ჯერ ერთი, პარტიიდან გარიცხვა ასე არ ხდება. ადამიანები, რომლებიც პარტიაში ჯერ მოვიდნენ, შემდეგ წავიდნენ, შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ „სიკვდილს“ უწოდებდნენ წლების წინ, ვიღაცები მიხეილ სააკაშვილზე შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, სინამდვილეში, ის ადამიანები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვერავის გარიცხავენ. ფორმალურად რა ხდება, როგორ ხდება, რა ცვლილებები შეიტანეს იმ იდუმალ პოლიტსაბჭოზე, რომელიც ჩატარდა 8 თვის წინ, ამაზე მე ვერ მოგახსენებთ, მენეჯმენტს უნდა ჰკითხოთ. მთავარი არის, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ ზიანდება, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. თუ გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებას მიაღწიოს, მენეჯმენტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.