აკაკი მინაშვილი - მოქალაქეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, აქ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი ძალისხმევა და არა ერთიანი სია ან რაიმე საარჩევნო ბუღალტერია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევის მიხედვით, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
მინაშვილის თქმით, მმართველი ძალა ქვეყანას რუსული ჭაობისკენ მიათრევს, რის გამოც მოქალაქეების მკაფიო სურვილია, ვადამდელი არჩევნების გზით, ცვლილება განხორციელდეს.
„51 პროცენტი – პირველად არის ასეთი მაღალი, ანუ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი მოქალაქეები დღითი დღე უფრო რწმუნდებიან, მმართველ ძალას ქვეყანა კატასტროფამდე მიჰყავს. მმართველი ძალა არის ის ძალა, რომელიც არ დგას ევროპულ და დასავლურ გზაზე, არამედ ქვეყანას რუსული ჭაობისკენ მიათრევს. ამიტომ გაჩნდა ჩვენი მოქალაქეების ძალიან მკაფიო პოზიცია და სურვილი, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილება უნდა განხორციელდეს. ხედავთ, რომ პროდასავლური ოპოზიციის, ანუ იმ პარტიათა რეიტინგების ჯამი, რომლებიც ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ თავის დასავლურ პოზიციას, იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს და გახდეს ევროკავშირის წევრი, უფრო მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების“. მხოლოდ 25 პროცენტია „ქართული ოცნების“, 85 არის ევროპული დამოკიდებულების“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ამავდროულად, მინაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი ძალისხმევა და არა ერთიანი სია ან რაიმე საარჩევნო ბუღალტერია.
„მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია – ერთიანი ძალისხმევა, შეთანხმება ერთიან სტრატეგიაზე, ერთიან გზავნილებზე, კოორდინირებული ნაბიჯები და ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს როგორც 2018, 2020, 2021 წლებში. ერთიანი ძალისხმევაა მნიშვნელოვანი და არა ერთიანი სია ან რაიმე საარჩევნო ბუღალტერია. ჩვენ, პირველ რიგში უნდა მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები და აქ უნდა იყოს მართლა ერთიანი ძალისხმევა, შეთანხმება სტრატეგიაზე და ნაბიჯების და მოქმედებების კოორდინირება. ყველა პარტია უნდა გაძლიერდეს. მოქალაქეების 71 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანაში მრავალპარტიული მმართველობა სურს. დიახ, ეს სწორია. მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ „ოცნებას“, იქნება კოალიციური მმართველობა იმ პროდასავლური პარტიების, რომლებსაც სურთ, ქვეყანა განვითარდეს“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.