აკაკი მინაშვილი - ფართო კონსულტაციების შედეგად მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემი პირადი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არ უნდა შევიდეს პარლამენტში
ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შევიდეს ახლა პარლამენტში, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და ეს არის ნორმალური პროცესი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას პრინციპული ნაბიჯების შედეგად, ხელისუფლებაზე საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა გაიზარდა.
„ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა გადაიხადა გამოსასყიდი, რათა გაეთავისუფლებინა ნიკა მელია, ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, პროკურატურა და ორივე ეს ინსტიტუტი მართულია „ქართული ოცნების“ მხრიდან. თავად ნიკა მელიას პრინციპულმა ნაბიჯმა, როდესაც უარი თქვა უსამართლო გირაოს გადახდაზე, მოახდინა ვითარების კიდევ უფრო გამოაშკარავება და მეტი ყურადღების მიქცევა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მეტი დაწოლა და ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში მალე განხორციელდეს ის საჭირო ცვლილებები, რომლებიც მიგვიყვანს ხელისუფლების ცვლილებამდე ვადამდელი არჩევნების გზით და შემდეგ ვითარების გამოსწორებამდე, ქვეყნის განვითარება დაიწყება, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, იცხოვრონ კარგად“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, მინაშვილის თქმით, პარტიაში განსხვავებული პოზიციები არსებობს და გადაწყვეტილებას ფართო კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.
„იცით, რომ ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელიას პოზიციაც გაიგეთ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დაიწყება კონსულტაციები, ძალიან ფართო კონსულტაციები პარტიაშიც, პარტიის გარეთაც, მხარდამჭერებთანაც, ამომრჩევლებთანაც. ამ კონსულტაციების შედეგად, ძალიან ფართო მონაწილეობითი პროცესის შედეგად, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე კრიტიკულად ვარ განწყობილი შესვლასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შევიდეს ახლა პარლამენტში. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და ეს არის ნორმალური პროცესი. უფრო მეტიც, ეს არის კარგი პროცესი, როდესაც ჩვენ ახალი პრაქტიკის დამკვიდრება დავიწყეთ, დემოკრატიული პრეცედენტის, როდესაც საჯაროდ ხდება რაღაც პოზიციების განხილვა და ამ განხილვაში ასევე ჩართულები არიან ჩვენი ამომრჩევლებიც და მხარდამჭერებიც. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთად და ფართო მონაწილეობით, ეს არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.