აკაკი მინაშვილი - თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე დღეს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება
აკაკი მინაშვილი - თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე დღეს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, დღეს თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საქართველოს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება, რომლებიც დააფიქსირებენ თავიანთ აზრს, რომ ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ცვლილება და გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, სააკაშვილის შიმშილობაც იმ მიზანს ემსახურება, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს და განვითარების შანსი გაუჩნდეს.

„დღევანდელ დღეს თავისუფლების მოედანზე და არამარტო აქ, მიმდებარე ქუჩებზე საქართველოს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება. დააფიქსირებს თავის აზრს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს ცვლილება, არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გათავისუფლდეს ჩვენი სახელმწიფო, რადგან ეს პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილიც არის.

ის პირად საკითხებზე არ ფიქრობს, შიმშილობს, რადგან ქვეყანა გათავისუფლდეს და გაუჩნდეს განვითარების შანსი. დღეს ჩვენი მოქალაქეები ხმას დააფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩეული იქნას ის ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება.
ძალიან სამწუხაროა, როცა ხელისუფლება ითვლის ადამიანების თავებს და საზოგადოებას მის მხარდამჭერებად და მომხრეებად ყოფს. აქ იქნებიან განსხვავებული ხედვების, პოლიტიკური გემოვნების ადამიანები და ისინი ერთიან პოზიციას დააფიქსირებენ. საქართველოში უნდა იყოს თავისუფლება, განვითარება“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.