აკაკი ბობოხიძე - შალვა ხაჭაპურიძის სააკაშვილის ადვოკატად აყვანას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, იქნებ, „ქართულ ოცნებასთან“ რამენაირად ურთიერთობა დაალაგოს
აკაკი ბობოხიძე - შალვა ხაჭაპურიძის სააკაშვილის ადვოკატად აყვანას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, იქნებ, „ქართულ ოცნებასთან“ რამენაირად ურთიერთობა დაალაგოს

შალვა ხაჭაპურიძის სააკაშვილის ადვოკატად აყვანას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, იქნებ, „ქართულ ოცნებასთან“ რამენაირად ურთიერთობა დაალაგოს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ბობოხიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მხოლოდ მისთვის სასარგებლო პირობით დათანხმდება.

„შალვა ხაჭაპურიძე ძლიერი იურისტია, ოღონდ ამ წუთში მისი ძლიერი მხარე არის „ქართულ ოცნებასთან“ დალაგება. მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება აქვს, მან სიცოცხლე უნდა გადაირჩინოს, ოღონდ, მე ვეუბნები ხალხს – ასეთი კაცი არ არის ლიდერი, თუ ასეთი კაცი კონკრეტულ სიტუაციაში სამშობლოსთვის თავგანწირვასა და საკუთარ პერსონას შორის თავის თავზე აკეთებს აქცენტს, ის ჩემთვის ლიდერი ვერ იქნება,“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, არ სჯერა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას პოლიტიკიდან წასვლის პირობის გამო მისცემენ.

„რატომ ვუსმენთ ადვოკატებს? პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს რომ მოვუსმინოთ არ შეიძლება? უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი თუ სამი თვით ადრე სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ თუ გამიშვებთ, მე პოლიტიკურ აქტივობას შევწყვეტ და ჩემი პარტიაც კი შეწყვეტსო. ანუ რა თქვა სააკაშვილმა? მე თუ გამიშვებთ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქტივობას მეც და ჩემი პარტიაც შევწყვეტთო. ანუ, მთავარია, მე გადავრჩე, თორემ, ბიძინა იყოს საქართველოშიო, ამას დათანხმდა. საკუთარი პარტია კი არა, ქვეყნის გაწირვას აპირებს ბიძინა ივანიშვილის სამკვიდროდ. თუ გაუშვებენ, ბიძინა დარჩესო“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.