აკაკი ბობოხიძე - მიხეილ სააკაშვილის წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში
მიხეილ სააკაშვილის წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში. იმიტომ კი არა, რომ ბოკერიას ახსენებს, არამედ ის ისევ აგრძელებს მიდგომას, რომ მის პარტიაში მთავარი არის, ბელადის წინააღმდეგ არავინ წავიდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილი ემიჯნება გიგა ბოკერიას, რადგან ბოკერია და სააკაშვილი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან.
„მის პარტიაში თუ ვინმეს უნდა, პოლიტიკური მომავალი გადაირჩინოს, ბელადთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამისთვის სჭირდება სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ერთობა. მისთვის მთავარია, ნებისმიერმა ჯგუფმა აღიაროს, რომ სააკაშვილი არის უპირობო ლიდერი. ამას ამბობენ კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები. გიგი უგულავამ, უკვე „ნაცმოძრაობის“ წევრმა, თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და არავითარი ხაბეიშვილი. ყველამ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც, ძალიან კარგად იცის, რომ ხაბეიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რამე პლუსის მომტანი იქნება. ამიტომ მისი ეს დამოკიდებულება, ბელადომანიის ხელშეწყობა კვლავ ისევ იმავეს გაგრძელებაა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. როგორც სააკაშვილი წერს, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება.