აკაკი ბობოხიძე - ჯარისკაცებიც ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც უწევთ პოლიტიკური არჩევანის გაკეთება, აპელირება, რომ ჯარი აპოლიტიკური ორგანოა, არაგონივრულია
ჯერ ერთი, ჯარისკაცებიც ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორებიც მე და თქვენ ვართ, მათაც უწევთ პოლიტიკური არჩევანის გაკეთება და ამ დროს აპელირება, რომ ჯარი აპოლიტიკური ორგანოა, სრულიად არაგონივრულია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ჯარი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ ჯარისკაცი, როგორც მოქალაქე, არჩევნებში, როგორც პოლიტიკურ პროცესში, იღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ბობოხიძემ.
ამ განცხადებით აკაკი ბობოხიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მისი აზრით, რატომ მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჯარს და ეძებს თუ არა ის ჩამოსვლის და დაკავების შემთხვევაში გათავისუფლების გზებს, რადგან, როგორც მან განაცხადა, დაკავების შემთხვევაში, ქართველი ხალხი გაათავისუფლებს და საზოგადოებას მიმართა, ხელის შებრუნება ისწავლოს.
შეკითხვაზე, არის თუ არა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ცალსახად რეფერენდუმი „ევროპული საქართველოსთვის“, ბობოხიძემ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისთვის არ არის რეფერენდუმი და ის შეთანხმების ნაწილია.
შეკითხვაზე, რამდენად აქვს ეს ვალდებულება „ქართულ ოცნებას“, რადგან მმართველი გუნდი ამ შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს და ამბობს, რომ არანაირი ვალდებულება აღარ აქვს, მისი მეხუთე პუნქტი შეასრულოს, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვალდებულების შესრულება.
„ოდესმე სესხი, ან რამე ვალი აგიღიათ და მხოლოდ თქვენი განაცხადი, რომ ვალს არ გაისტუმრებდით, საკმარისი იყო იმისთვის, რათა ვალი ჩამოგწეროდათ? „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვალდებულების შესრულება. იმიტომ, რომ მას ამას შეასრულებინებენ. თუ სესხთან დაკავშირებით თქვენი მოპასუხე ბანკი იყო, „ქართული ოცნების“ მოპასუხე, მის მიერ აღებულ სესხთან, ანუ ვალდებულებებთან დაკავშირებით, არიან ქართული ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო თანამეგობრობა“, – განაცხადა ბობოხიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორია სტრატეგია და რას აკეთებს ოპოზიცია 3 ოქტომბერს იმ შემთხვევაში, თუ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა, ბობოხიძემ აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს დამსახურებულად მოიგებს, ოპოზიცია შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადება, მაგრამ თუ მმართველი გუნდი შედეგებს გააყალბებს, ან იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რა მდგომარეობაც შეთანხმებით არის გათვალისწინებული, მას აუცილებლად მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
„იმიტომ, რომ ვალდებულებებს და ნათქვამ პირობებს შესრულება სჭირდება და გამოჩნდებიან ძალები, ვინც ამას შეასრულებინებენ“, – განაცხადა ბობოხიძემ.
შეკითხვაზე, იქნება თუ არა მათთვის საკმარისი არჩევნების შედეგების ასაღიარებლად დამკვირვებლების და მათ შორის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები, თუ ისინი დაწერენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ძირითადი თავისუფლებები და უფლებები დაცული იყო, ბობოხიძემ განაცხადა, რომ მათი ანგარიშები ოპოზიციისთვის საკმარისი იქნება, თუ ერთ-ერთი ელჩივით არ იტყვიან, ისეთი რამ არ მომხდარა, რაც მანამდე არ მომხდარაო.