აკაკი ბობოხიძე - ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც ჩვენ ხმა მივეცით, აგვისტოს ომზე მართლაც არის საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი მუხლი
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე ადასტურებს, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხმა მისცეს, აგვისტოს ომზე მართლაც არის საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი მუხლი. ეს განცხადება ბობოხიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ აღნიშნულ მუხლში ცვლილებების შეტანის საკითხი დასვა, თუმცა ამ საკითხის გატანა ბევრი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.
„რეზოლუციაში არის ერთ-ერთი მუხლი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქართული დელეგაციის კატეგორიული მოთხოვნით, დაისვა საკითხი ამ მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გავიტანეთ ბევრი მიზეზის გამო.
ჩვენ ამის მცდელობა გვქონდა, მაგრამ მაშინ იყო ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა, რომელიც იწყებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, უფრო ადრე დაიწყო ევროპის მხრიდან რუსეთთან სავარაუდო ურთიერთობების დალაგების პოლიტიკა, ამიტომ იმ პერიოდში ევროპა მზად არ აღმოჩნდა, ყოფილიყო რადიკალური“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარების ნაწილმა მათი შენიშვნები არ მიიღო.
„ჩვენ იძულებული გავხდით, მთლიანად რეზოლუციისთვის მიგვეცა ხმა, რადგან ცალ-ცალკე მუხლებს კენჭი არ ეყრებოდა. ამ რეზოლუციაში დაფიქსირდა ეთნოწმენდა და ოკუპაცია, დაფიქსირდა, რომ ეს კონფლიქტი არ იყო ეროვნებათშორისი კონფლიქტი და ეს იყო კონფლიქტი რუსეთთან, ასევე დაფიქსირდა სიტყვა ოკუპაცია და აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, მისთვის მხარი დაგვეჭირა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრები აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.