აკაკი ბობოხიძე - ბიძინა ივანიშვილი უჭკუო კაცი არ არის, მაგრამ როგორც კი ილია ჭავჭავაძეობას ინდომებს, იმ წუთში ჩანს მისი რეალური შესაძლებლობა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უჭკუო კაცი არ არის, მაგრამ როგორც კი ილია ჭავჭავაძეობას ინდომებს და თავს ერის სულიერ მამობაზე დებს, იმ წუთში ჩანს მისი რეალური შესაძლებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომელიც 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისგან“ უტიფრობა გასაკვირი არ არის.
„უტიფრობასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ფარისეველია. ზვიად გამსახურდიასთან ისეთივე სენტიმენტები აკავშირებს, როგორიც ქვეყნის რომელიღაც კუთხეში მომხდარ რაღაც ამბავთან. ალბათ მე უფრო განვიცდი, ვიდრე ივანიშვილმა განიცადა 9 აპრილი ან ზვიად გამსახურდია. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია განხეთქილებას თესავს, შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერ თემაზე პასუხად გვესმის ცხრა წელი და არა ის, როგორ მოაგვარებენ პრობლემას. მუდმივად ცხრა წელი გვესმის. ვინ ყოფს ერს და ვინ აერთიანებს, ამას, იმედი მაქვს, ჯანსაღი აზროვნების ნებისმიერი ადამიანი მიხვდება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ის არის ჭკვიანი, მაგრამ უწიგნური კაცი“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.