აკაკი ბობოხიძე - არ შეიძლება, ახალგაზრდების მარტო, უკონტროლოდ დატოვება, რადგან მათ ჯერ პოლიტიკური გამოცდილება და სტრუქტურა არ აქვთ
ბავშვებო, თქვენს პროტესტს პოლიტიკური მოთხოვნები სჭირდება, პოლიტიკურ მოთხოვნებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხოლო თქვენ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციასა და თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომას გამოეხმაურა.
ბობოხიძის თქმით, პარლამენტში შეჭრას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან პარლამენტის შენობა ხელისუფლების წყარო არ არის.
„პარლამენტის შენობა არ იძლევა ხელისუფლების ლეგიტიმაციას. თუ ამ პარლამენტში არ იქნებიან დეპუტატები, ქუთაისში გადავლენ, თუ ქუთაისში გადასვლა არ უნდათ, თბილისის მერიაში შეიკრიბებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლება ლოგიკურ ნაბიჯებს მხოლოდ მაშინ დგამს, თუ გარეთ ძალიან ბევრი ხალხი დგას. ხელისუფლება გუშინ იმის გამო შეშფოთდა, რომ თბილისის ქუჩაში ახალგაზრდობა იდგა.
ხელისუფლება არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს არ დასდევდა. სამწუხაროდ, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ. სამწუხაროდ, ეს ახალგაზრდები მხარს არ გვიჭერენ. საქართველოს ხელისუფლება ახალგაზრდობას დაუპირისპირდა და მათი ცეცხლივით ეშინიათ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
დეპუტატის შეფასებით, გუშინ რუსეთის დელეგაცია საქართველოდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც საზოგადოების განწყობა გამოჩნდა.
„ქვეყნიდან რუსეთის დელეგაცია მას შემდეგ გაიყვანეს, რაც თბილისის განწყობას შეხედეს. ირაკლი კობახიძე არ გადააყენეს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვინმეს შესვლის საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე წყვეტს, დღეს კობახიძე გადააყენეს. ხელისუფლება ცდილობს, პულსი გასინჯოს. ხელისუფლებას იმედი ჰქონდა და ეგონათ, დარბევის შემდეგ შიშის გამო მუხტს ჩაკლავდნენ, მაგრამ ახალგაზრდები თავად ორგანიზდებიან“, – განაცხადა ბობოხიძემ.
კითხვაზე, ახალგაზრდების პროტესტს იყენებენ თუ არა პოლიტიკოსები პოლიტიკური მიზნებისთვის, ბობოხიძე პასუხობს, რომ ყველა ერთმანეთს იყენებს, ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.
„არ შეიძლება, ახალგაზრდების მარტო, უკონტროლოდ დატოვება, რადგან მათ ჯერ პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური სტრუქტურა არ აქვთ. სამწუხაროდ, ვაღიარებთ, ჩვენ ის გავლენა არ გვაქვს, რომ მათი მხარდაჭერა გვქონდეს. ტყუილად ცდილობთ, ახალგაზრდების პროტესტი მხოლოდ გავრილოვისკენ მიმართოთ, რუსი დეპუტატი გავრილოვი უკვე წასული იყო, როცა აქ მიტინგი გაიმართა“, – აღნიშნა ბობოხიძემ.