აკაკი ბობოხიძე - 7 ნოემბერს ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა ჩემს შვილებთან და ოჯახთან, ერთადერთი რაც მაკავებს, არის შვილების დამოკიდებულება ჩემი საქციელის მიმართ
გგონიათ, პარლამენტში ვინმეს შიში ან მორიდება მაკავებს? ათასი სიგიჟე და სისულელე მაქვს გაკეთებული, ერთადერთი, რაც მაკავებს, არის ჩემი შვილების დამოკიდებულება ჩემი ამა თუ იმ საქციელის მიმართ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.
„7 ნოემბერს ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა ჩემს შვილებთან და ოჯახთან. კარგად გაითვალისწინეთ, როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მე თუ რამით გადავლახე ჩემი შვილების პრობლემა, რადგან პატარები იყვნენ, თქვენ არ ხართ იმ ასაკში, თქვენი შვილები უკვე ზრდასრული მოქალაქეები არიან, კარგად დაფიქრდით.
თუ მე დღეს რამე მაკავებს პარლამენტში, თქვენ გგონიათ ვინმეს შიში ან მორიდება? ათასი სიგიჟე და სისულელე მაქვს გაკეთებული, ერთადერთი რაც მაკავებს, არის ჩემი შვილების დამოკიდებულება ჩემი ამა თუ იმ საქციელის მიმართ. ხშირად არ მოსწონთ, როგორ ვიქცევით, არ მოსწონთ, რას ვაკეთებ, არ მოსწონდათ ჩემი მოქმედება. პეტრე მამრაძე, რომელმაც საზიზღრობა ჩაიდინა, პირველ რიგში, სახლში ვერ შევედი, იმის გამო, რაც პეტრე მამრაძეს გავუკეთე, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი ნაძირალაა და გავრილოვთან დაკავშირებით 60 წუთს ჩაერთო“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მიმდინარე პროცესებზე მათი შვილები.
„კარგად დაფიქრდით, როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რას ფიქრობენ მიმდინარე პროცესების მიმართ თქვენი შვილები. ჩვენი და თქვენი ურთიერთობა პრობლემა არ არის. თქვენ მოახერხებთ შეგვხედოთ თვალებში ისე, როგორც ჩვენ მოვახერხეთ 2012 წელს გაგვესწორებინა თქვენთვის თვალები. დაფიქრდით“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.