აკაკი ასათიანმა და ვახტანგ გაბუნიამ კახა კუკავას სასარგებლოდ არჩევნებიდან კანდიდატურები მოხსნეს
„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატ კახა კუკავას სასარგებლოს კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
კუკავას სასარგებლოდ კანდიდატურა ასევე მოხსნა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვახტანგ გაბუნიამ.
მათ ამომრჩევლებს კახა კუკავას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
კახა კუკავას განცხადებით, არჩევნების შემდეგ ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით კოალიციის შექმნაა დაგეგმილი.
„ჩვენ ვაპირებთ, არჩევნების შემდეგ გავაგრძელოთ ის მთავარი პოლიტიკური დატვირთვა, რაც ყველას მხრიდან გვესმის და ეს არის მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელიც არ იქნება არც „ოცნების“ სატელიტი, არც „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც თავს დააღწევს ნეოლიბერალურ დახშულ წრეს. ეს იქნება ორიენტირებული არა ხელისუფლების, პოლიტიკურ და მედიაელიტებზე, არამედ საქართველოს მოქალაქეებზე“, – განაცხადა ბრიფინგზე კახა კუკავამ.