აკაკი ასათიანი - აფხაზებთან და ოსებთან შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური უნდა იყოს და მათი არსებობის გარანტიებს უნდა უზრუნველყოფდეს
პრეზიდენტი ამ უფლებამოსილებითაც კი უმაღლესი მთავარსარდალი, საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელია და ვფიქრობ, მას სრული უფლებამოსილება და ვალდებულებაც აქვს, საზღვრების საკითხის მოგვარებაზე იზრუნოს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, აკაკი ასათიანმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„აუცილებელია, პრეზიდენტი მონაწილეობდეს ქვეყნის თავდაცვითი სტრატეგიის განსაზღვრაში და არმიის მდგომარეობაზე ყოველდღიურად ზრუნავდეს. ასევე აუცილებელია, პრეზიდენტი ქართული კულტურის, სპორტისა და განათლების ხელის შემწყობი იყოს“, – განაცხადა ასათიანმა.
დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, ვახტანგ გაბუნიას შეკითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ქართველი ემიგრანტების პრობლემა, რომლებიც ქვეყნიდან ოჯახების გადასარჩენად მიდიან, აკაკი ასათიანმა განაცხადა, რომ საქართველოდან წასული ადამიანების დაბრუნება ჩვენი, ყველას ამოცანა უნდა იყოს.
„ქვეყანაში ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ეს უბედურებები არ ხდებოდეს და ტელევიზიით ყოველდღიურად არ ვიგებდეთ, რომ ქართველებმა ბინა გატეხეს, ქართველმა ქართველი მოკლა და ა.შ. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს ამბავი უნდა დამთავრდეს. პრეზიდენტს შეუძლია, ამას ხელი შეუწყოს, რადგან მას მოქალაქეობის, მათ შორის, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ექსკლუზიური უფლება აქვს“, – განაცხადა ასათიანმა.
მისი თქმით, ემიგრაცია უკავშირდება არამხოლოდ დემოგრაფიულ პრობლემას, არამედ მთლიანად ქართული ტრადიციების მოშლას, ჩვენი სამშობლოს ღერძსა და საფუძველს, ოჯახს, რაზეც ოდითგანვე ვიდექით.
„თავისუფალ ქვეყანაში შეზღუდვა გამორიცხულია, მაგრამ პრეზიდენტმა მთავრობასთან ერთად უნდა იმუშაოს და რაღაც რეგულაციებში უნდა ჩაერიოს ხოლმე, რათა ეს ამბავი აღიკვეთოს. განსაკუთრებით – ქალების მიმართ, სწორედ ქალების, რადგან მამაკაცი თავის ბედს, ბოლოს და ბოლოს, თავად გადაწყვეტს“, – განაცხადა ასათიანმა.
ასათიანმა ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იარაღით არ უნდა მოხდეს, რადგან კვლავ ომი იმას ნიშნავს, რომ ოდესმე ისევ ომი იქნება და ეს ამბავი არ დამთავრდება.
„აფხაზებთან და ოსებთან შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური უნდა იყოს და ის მათი არსებობის გარანტიებს უნდა უზრუნველყოფდეს. ლაპარაკია 60 000-იან ერზე, რომელიც ჩვენ თვალწინ ქრება და რომელიც მხოლოდ საქართველოს პირობებში იარსებებდა, რადგან ისტორიული ტრადიციაა ასეთი. აფხაზეთი არ არსებობდა, როგორც სახელმწიფო, მაგრამ არსებობდა, როგორც მხარე“, – განაცხადა ასათიანმა.
ამ განცხადებით აკაკი ასათიანი დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატს, ლევან ჩხეიძეს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „უნდა დაველოდოთ, საერთაშორისო ასპარეზზე როდის დადგება შესაბამისი მომენტი და როცა ეს მომენტი დადგება, მეამბოხეები შეიარაღებული ძალების მეშვეობით უნდა ჩავახშოთ, უნდა შევიდეთ და ამბოხებულ ტერიტორიებზე წესრიგი იარაღით უნდა დავამყაროთ“.