აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის სტანდარტების შემუშავების საკითხებზე, ბრიუსელში ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების კონფერენცია გაიმართა
აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის სტანდარტების შემუშავების საკითხებზე ბრიუსელში ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების (EACS) კონფერენცია გაიმართა.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოდან საორგანიზაციო კომიტეტის მოწვევით და დაფინანსებით წარმოდგენილი იყო ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმების და მეცნიერების ცხრაკაციანი ჯგუფი, რაც, მათივე ცნობით, ქართული მედიცინის კიდევ ერთი აღიარებაა.
„თენგიზ ცერცვაძე იყო კონფერენციის თანათავმჯდომარე დარგის ერთ-ერთ ევროპელ ლიდერთან პროფესორ იურგენ როკსტროჰთან ერთად. პროფესორები აკაკი აბუთიძე და ფატი გაბუნია იყვნენ კონფერენციის ცალკეული სექციების (ხუთი სექციის) და სამუშაო პანელების თავმჯდომარეები.
ცენტრის კიდევ ერთი პროფესორი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი ასევე დასახელებული იყო ცალკეული სექციების და სამუშაო პანელების თავმჯდომარედ და მომხსენებლად, მაგრამ სამწუხაროდ, წამოსვლა ვერ შეძლო.
პროფესორი თენგიზ ცერცვაძე კონფერენციის გახსნაზე წარდგა ვრცელი ლექციით, სადაც მან დამსწრეებს გააცნო C ჰეპატიტის ელიმინიციის და აივ/შიდსის კლინიკური მართვის ქართული მოდელები და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან დიდი ალბათობით გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის შეძლებს ქვეყანაში 21-ე საუკუნის ორი მთავარი ეპიდემიის: C ჰეპატიტის და აივ/შიდსის დასრულებას, იგულისხმება C ჰეპატიტის ელიმინაცია და აივ/შიდსის ახალი შემთხვევების მინიმალურ ნიშნულამდე (ნულთან ახლოს) დაყვანა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო ექვსი თვის მანძილზე ინარჩუნებს COVID-ით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე და საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც თითქმის შესაძლებელი გახდა COVID-ის, როგორც რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა.
მოხსენებამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
პროფესორებმა აკაკი აბუთიძემ და ფატი გაბუნიამ, აგრეთვე სხვა ქართველმა ექიმებმა ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის ევროპული და ნაციონალური სტანდარტების განხილვასა და შემუშავებაში.
კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის მსოფლიოს უპირობო ლიდერი C ჰეპატიტის ელიმინაციაში და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აივ/შიდსთან ბრძოლაში“,- აღნიშნულია შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.