IRI - ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 42 პროცენტი კატეგორიულად არ ეთანხმება, 18 პროცენტი კი, მეტ-ნაკლებად
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, კატეგორიულად არ ეთანხმება მოქალაქეების 42 პროცენტი, მეტ-ნაკლებად არ ეთანხმება გამოკითხულთა 18 პროცენტი.
ოპოზიციის ბოიკოტირებას გადაჭრით ეთანხმება 15 პროცენტი, მეტ-ნაკლებად ეთანხმება 11 პროცენტი.
კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის გამოკითხულთა 14-მა პროცენტმა.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.