IRI - ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69 პროცენტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აშშ-ს ასახელებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად, გამოკითხულთა 69 პროცენტი ასახელებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, 54 პროცენტი ევროკავშირს, 23 პროცენტი უკრაინას, 17 პროცენტი აზერბაიჯანს, ხოლო 13 პროცენტი თურქეთს.
ამასთან, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 55 პროცენტი ასახელებს აშშ-ს, 39 პროცენტი ევროკავშირს, 29 პროცენტი თურქეთს, 21 პროცენტი უკრაინას, 21 პროცენტი აზერბაიჯანს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.