„აიგრუფმა“ ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა
ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა „აიგრუფი“ (Aigroup) ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დღეს ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გახსნა.
პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე, დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.
საწარმოში ოთხი მოდელის ავტომობილის წარმოება იგეგმება. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ეკოპროდუქციის, მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.
ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა.