აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ სკოლის მოსწავლე გოგონების მოწამვლაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის თქმით, სკოლის მოსწავლე გოგონების მოწამვლაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ხამენეიმ აღნიშნულ დანაშაულს უპატიებელი უწოდა.
ნოემბრიდან დღემდე ირანში 1000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა უცნობი დაავადებით მოხვდა საავადმყოფოებში. მსგავსი ინციდენტები მხოლოდ გასულ კვირას 15 ქალაქში დაფიქსირდა. სულ კი მოწამვლის ფაქტები აღირიცხა ირანის 25 პროვინციაში მდებარე 127 სკოლაში.
„თუ არსებობენ ამაში ჩართული ადამიანები, და ასეთები ნამდვილად არიან, ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.
ირანის ხელისუფლებამ გოგონების მოწამვლის შემთხვევების გამოძიების შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელა. მთავრობამ მომხდარში ირანის მტრები დაადანაშაულა, რომლებიც ამ გზით ცდილობენ, შეარყიონ ირანის სასულიერო წრეები. ზოგიერთ ირანელს მიაჩნია, რომ გოგონების მოწამვლა ირანში სექტემბრიდან აგორებულ საპროტესტო ტალღას უკავშირდება, რაშიც წამყვანი როლი ქალებმა შეასრულეს. მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ მოწამვლით გოგონებს აქციებში მონაწილეობისთვის სჯიან.