“დიდი 10”-ის შესარჩევ ფინალში ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილზე გასული კლუბები დაუპირისპირდნენ.
თბილისის “ლოკომოტივმა” ქუთაისის “აიას” პირველობა ბოლო ტურში აართვა და შესარჩევი ფინალის მასპინძლობა დაიმსახურა.
დაპირისპირება სტუმრების უპირატესობით დაიწყო. შეხვედრის მე-17 წუთზე პირველი ლელო დავით ლოსაბერიძემ დადო – 0:5. “ლოკომოტივმა” ანგარიში ათიოდ წუთში გაათანაბრა (ბეგაძე 26′) და ტაიმი 5:5 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ქუთაისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, მეტოქეს ორი ლელო დაუდეს (ბაბუნაშვილი 48′, მანაგაძე 59′) და კომფორტული 12 ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.
“ლოკომოტივმა” თამაშში დაბრუნება 71-ე წუთზე მოახერხა, ბეგაძემ დუბლი გაიფორმა და წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა – 15:20. მატჩის დასრულებამდე 9 წუთი რჩებოდა და თბილისელებს გამარჯვების მოსაპოვებლად გარდასახული ლელო სჭირდებოდათ, თუმცა ქულების მოპოვება ვერც ერთმა გუნდმა ვეღარ მოახერხა და “აია” ფინალში გავიდა.
თბილისის “ლოკომოტივი” წინასწარ ფინალში გორის “ჯიქსა” და “ბათუმს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 29 აპრილს, 16:00 საათზე, გორში გაიმართება.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი