აჰმეთ ილდიზი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმოქმედონ თავშეკავებულად, პასუხისმგებლობით, კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმების პროცესში
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ლიბერალური რეფორმების გატარების შემდეგ გაიმართა, რასაც წინ უსწრებდა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთწლიანი მოლაპარაკებები. ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიიის განმტკიცებისთვის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, აჰმეთ ილდიზმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილავენ.
„მინდა, გავიმეორო საქართველოში გამართულ არჩევნებზე მივლენილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადება, რომელშიც შედიოდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. ამ მისიების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც საფუძველი დაუდო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პასუხობდა ეუთო-სა და ოდირის რეკომენდაციებს“, – განაცხადა აჰმეთ ილდიზმა.
თურქი დეპუტატის თქმით, „საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, საერთო ჯამში დაცული იყო“.
„დაცული იყო საარჩევნო პროცედურებიც. ქართველმა ამომრჩევლებმა საკუთარი ნება, დემოკრატიისადმი ერთგულება და მტკიცე მხარდაჭერა საარჩევნო ყუთებთან გამოხატეს. შთამბეჭდავი იყო იმის ნახვა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო არჩევნებში ძალიან ბევრი ამომრჩეველი მონაწილეობდა. ერთადერთი, რის გამოც გვინდა, სინანული გამოთქვათ, არის ის, რომ არჩევნები ვერ ჩატარდა საქართველოს ორ რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ყველასთვის ცხადი მიზეზების გამო. ჩვენმა ორგანიზაციამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ წინსვლას საქართველოში, ქვეყანაში, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი მისწრაფება. რაც შეეხება არჩევნების შედეგების გამო გამოთქმულ პროტესტს და შეტაკებებს პოლიციასთან, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავშეკავებულად და პასუხისმგებლიანად იმოქმედოს, კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმების პროცესის გაგრძელებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.