აჰმად უიმბლდონი - ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ინტერვენცია შეჩერდეს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში პირველად გაიმართა საქართველოს საკითხზე მოსმენა სახელწოდებით – „როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრი აჰმად უიმბლდონი პასუხობდა.
„მინდა, ლორდთა პალატას მოვახსენო, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა საქართველოს საკითხი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გასულ წელს ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა გაერო-ს ორ რეზოლუციას, სადაც დაფიქსირებულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ ეუთო-ს განცხადებები რუსეთის ქმედებების დასაგმობად საქართველოში. გავაგზავნეთ დამკვირვებლები საქართველოში მოქმედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, ნატო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ვეხმარებით საქართველოს, რათა უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს რუსეთის ზეწოლას“, – განაცხადა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა.
ლორდთა პალატის წევრის, ჰარის პენტრეგართის შეკითხვაზე, როგორ უყურებს სახელმწიფო მინისტრი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო შენაერთების განთავსებას, მავთულხლართების აღმართვას და ფიქრობს თუ არა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს რუსეთის ფედერაცია, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო მინისტრი პასუხობს:
„სწორეთ შენიშნეთ, რომ რუსეთი აგრძელებს ინტერვენციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად და ამისათვის იყენებს საერთაშორისო გავლენას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ლორდ კოლინა ჰიგბორის კითხვაზე, რამდენადაა ბრიტანეთის მთავრობა ჩართული საქართველოს განვითარების პროცესსა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, სახელმწიფო მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას, სადაც, მისი თქმით, განხილულ იქნა ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში.
„ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ვაპირებთ გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ჩვენ ამ თემებზე ვესაუბრებით საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, ვესაუბრებით რუსეთსა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.