მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ საქართველოს პირველი არხი „კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ მკვლევარს, აჰმად ალილიმს ესაუბრა.
– მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. რა შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა?
– ექსპერტებმა,რომლებიც ამ კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ვიყავით ჩართული, ბევრი ვიშრომეთ, რათა ესკალაცია არ მომხდარიყო. საკითხს შემოქმედებითადაც ვუდგებოდით და ახალი ელემენტების დამატებას ვცდილობდით. მთავარი კომპონენტი, რისი მიღწევაც გვსურდა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების თანასწორუფლებიანობა იყო. ჩვენი მოსაზრებით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრაში მათ თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ. სომხური მხარე დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ე.წ. რეალობა სხვაგვარია. სომხური მხარე აღნიშნავდა, რომ მათ მოიგეს ომი, ცეცხლი შეწყდა და დაიკავეს ტერიტორიები. სომხეთში ფიქრობენ, რომ რეალობა ასეთია და აზერბაიჯანული მხარე უნდა შეეგუოს. ბაქოში სხვა მოსაზრება ჰქონდათ და ამტკიცებდნენ, რომ აზერბაიჯანს სამხედრო უპირატესობა აქვს. საპასუხოდ სომხეთის მხარე აცხადებდა, რომ ამაში დარწმუნებული არაა და მათ სტატუს კვოს შენარჩუნება სურთ. მეტიც, ამ სტატუს კვოს მშვიდობას უთანაბრებდნენ. აზერბაიჯანი ამას არ დათანხმდებოდა. სწორედ ამიტომ მოხდა დაძაბულობის ესკალაცია. ბოლო წელიწად-ნახევარია, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს სურდათ სამშვიდობო შეთანხმების რეალიზაცია. მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ჩამოთვლილი. პირველი ნაბიჯად დასახლებულია მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე ტერიტორიების გათავისუფლება. ჩემი აზრით, სომხეთსა და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ამის გაკეთება არ სურდათ. ფაშინიანი უფრო მეტად პოპულისტი გახდა, ვიდრე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები – რობერტ ქოჩარიანი ან სერჟ სარქსიანი. სომხური საზოგადოებისთვის მთიანი ყარაბაღის საკითხზე დათმობაზე წასვლა მიუღებელი იყო, რის გამოც ფაშინიანს უფრო მეტი პოპულისტური ნაბიჯის გადადგმა უწევდა. ეს გახდა კიდეც ომის ერთ-ერთი მიზეზი. საბრძოლო მოქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლ ფაშინიანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი რეგიონის გარშემო მდებარე ტერიტორიებს გაათავისუფლებენ და შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის სამომავლო სტატუსზე. აქვე უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანში განწყობები ძალიან სწრაფად იცვლება. ის გეგმა, რომელზეც მოგიყევით, ეფექტური იყო ომამდელ პერიოდში. ახლა აზერბაიჯანის საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მათ აქვთ სამხედრო უპირატესობა და მიღწევები. ამიტომ ისმის მოწოდებები მთიანი ყარაბაღის სრულად გათავისუფლების მოთხოვნით. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა ალიევმაც გააკეთა. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ჩემი აზრით, მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიების გათავისუფლება და ამ რეგიონებზე აზერბაიჯანის არმიის კონტროლის დამყარება, საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად საკმარისი იქნება.
– ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წევრები მოლაპარაკებების განახლებას ითხოვენ. რამდენად რეალურია ეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაქო ამ ფორმატს აკრიტიკებს. აქვე, გკითხავთ აზრს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში შედგეს.
– ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფორმატი 1992 წელს შეიქმნა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მაშინ მსოფლიო სხვანაირი იყო. ამჟამად მინსკის ჯგუფის ფორმატში მონაწილეობს, როგორც რუსეთი, ისე თურქეთი, თუმცა რუსეთი ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ხოლო თურქეთი – არა. ჩემი აზრით, შექმნილ მდგომარეობაში ეს უნდა შეიცვალოს და თურქეთიც უნდა გახდეს თანათავმჯდომარე. ჩემი აზრით, ამის გაკეთება შესაძლებელია. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადებას, ეს არის დიდი შანსი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებისთვის, დაიწყონ პირდაპირი დიალოგი, შუამავლების გარეშე. საქართველოს ინიციატივა ნამდვილად დასაფასებელია. თუ ეუთო-ს ჯგუფის წევრებს გადაწყვეტილების მიღება აზერბაიჯანისა და სომხეთის გარეშე სურთ, ეს მიუღებელია. მაშინ უკეთესი იქნებოდა, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს და გაიმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.
– რას იტყვით საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლველად სირიელი და ლიბიელი ექსტრემისტები ჩაჰყავთ?
– თუ საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებული მებრძოლები ჩაერთვებიან, სიტუაცია გაცილებით სახიფათო გახდება. ვითარება ისედაც რთულია და ექსტრემისტული ელემენტების დამატება ამ სიტუაციას ფეთქებადსაშიშს გახდიდა. მოვლენების ამ სცენარით განვითარება ყველა საშუალებით უნდა ავიცილოთ თავიდან. რაც შეეხება დასავლური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას. ეს ცნობები მხოლოდ რამდენიმე ტერორისტის მონაყოლს ეყრდნობა. ჟურნალისტური სტანდარტი უფრო მაღალი უნდა იყოს. მეორე პრობლემაა ხმაურიანი სათაური, რომელიც ხშირად სტატიის შინაარსს არ გამოხატავს. ყველა პუბლიკაციაში, რომელიც მთიან ყარაბაღში ტერორისტების მონაწილეობას ეხება, ნათქვამია, რომ ავტორებმა ვერ შეძლებს ამ ცნობის დადასტურება. აქვე უნდა აღვნიშნო, აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეზობლები არიან. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრების წესს კარგად ვიცნობთ. ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოებში ვცხოვრობთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ რადიკალი ექსტრემისტების ჩამოსვლა და აზერბაიჯანის მხარეზე ბრძოლა შეუძლებელია. აზერბაიჯანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან დიდად განსხვავდება და ახლო აღმოსავლეთიდან არავინ გაწირავს სიცოცხლეს აზერბაიჯანის მიზნებისთვის. ჩვენს რეგიონში რელიგიური ლანდშაფტი რადიკალურად განსხვავებულია. „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლი პირის დარწმუნება, იბრძოლოს აზერბაიჯანისთვის, ძალიან რთული იქნება. აქვე გეტყვით, რომ როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ბევრმა აზერბაიჯანელმა გადაწყვიტა სირიაში წასვლა, რაზეც ხელისუფლების რეაქცია მკაცრი იყო. ამ პირებს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნებულები დააპატიმრეს. ამიტომ, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ აზერბაიჯანს უცხო ქვეყნიდან ექსტრემისტებს ჩამოჰყავს. თუ აზერბაიჯანს სჭირდება რადიკალები, ასეთები აქ ციხეებში ბევრია და მათი გათავისუფლება შეუძლიათ. და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანს სამხედროების დანაკლისი არ აქვს. აზერბაიჯანში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეს სომხეთთან შედარებით სამჯერ მეტია. ამიტომ, უცხო ქვეყნებიდან მებრძოლების ჩამოყვანის აუცილებლობა არ დგას. მეტიც, ისტორიულადაც ასეთი პრეცედენტები არ არსებობს, პირიქით კი, ნამდვილად იყო. თუნდაც გავიხსენოთ მამელუქები ეგვიპტეში. ისინი კავკასიელი მეომრები იყვნენ და მთელი ახლო აღმოსავლეთი დაიპყრეს. შესაძლოა, ირანელი აზერბაიჯანელები ან თურქმენები იბრძოდნენ აზერბაიჯანის მხარეს, თუმცა ისინი ისლამისტი რადიკალები არ არიან. ანალოგიური ბრძოლის სურვილი აქვთ უცხოეთში მცხოვრებ სომხებსაც, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩადიან სომხეთში, მათ შორის სირიიდან და ლიბანიდანაც და იბრძვიან მთიან ყარაბაღში.
– როგორ ფიქრობთ, თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერისა და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ეს ორი ქვეყანა ჩაერთოს კონფლიქტში?
– სწორედ ამის თავიდან აცილება გვსურს. თუ ეს ქვეყნები ჩაერთვებიან კონფლიქტში, მაშინ ეს რეგიონი ახალ სირიად გადაიქცევა. მათი სამხედრო კონფრონტაცია არასასურველია. თურქეთის როლი დღეს შემდეგია, ის უზრუნველყოფს, რომ რუსეთი კონფლიქტში არ ჩაერთოს. ანკარა ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანს. თუმცა, საბრძოლო ველზე მხოლოდ აზერბაიჯანელი სამხედროები მოქმედებენ. დიახ, აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიები ბევრ ერთობლივ წვრთნას ატარებენ. თურქეთის მხარდაჭერით აზერბაიჯანელ სამხედროებს აქვთ თანამედროვე აღჭურვილობა და მისი მოხმარებაც იციან. თუმცა, ახლა ველზე მხოლოდ აზერბაიჯანელები იბრძვიან. თურქეთის როლი ამ პროცესში შემოიფარგლება რუსეთის შეკავებით. თურქეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის მიზანი ამ რეგიონზე რუსეთის გავლენის შემცირებაა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იყო ბერკეტი მოსკოვის ხელში, რომელსაც ის სომხეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყენებდა, რათა ამ ქვეყნებს ევროპული მისწრაფება არ ჰქონოდათ. მე მჯერა, რომ როდესაც კონფლიქტი დასრულდება ან შედგება ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც უფრო ძლიერი ევროპული მისწრაფება ექნებათ და ამავე დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ იქნება ბარიერი სახელმწიფოების ევროატლანტიკურ პროექტში ინტეგრაციის გზაზე. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, რომლებიც ერთად ცდილობენ ევროპასთან დაახლოებას. ეს ნიშნავს, რომ რეგიონი ერთიანია და ეს დიდი მიღწევა იქნება.