აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 25,8 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184,2 მლნ აშშ დოლარი (566,2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25,8 პროცენტით, ანუ 37,8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,1 პროცენტი იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში ერთ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93,4 პროცენტი მოდიოდა.
გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 34,94 მლნ აშშ დოლარი მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე, 27,95 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, შემდეგ მოდის აშშ – 22,05 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე 20,64 მლნ აშშ დოლარით საბერძნეთია, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 14,30 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23,1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 71,1 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5 პროცენტით მეტია.