აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გორში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
ქალაქ გორში, კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 11-17 წლის ბავშვებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და თავდაცვის ძალების მეთაურ გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს.
ნერგების დარგვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და გმირების შვილებმა გორის სამების ეკლესიაში გადაინაცვლეს. მოზარდებმა პატივი მიაგეს მამებისა და მათი თანამებრძოლების ხსოვნას და მათ სახელზე სანთლები დაანთეს.
თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ტერიტორიაზე მემორიალი განთავსდა. სამომავლოდ კი, რეგიონულ მმართველობასთან თანამშრომლობით, მცირე მასშტაბის სკვერის მოწყობაც იგეგმება.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც დაესწრნენ.
გამწვანების აქცია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
გამწვანების აქციისთვის ფერმერმა, სოფელ ზემო ნიქოზიდან, გიორგი მჭედლიძემ 169 ცალი ნუშის ნერგი გმირების ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადასცა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.