აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის დავაზე საქართველო სტრასბურგის სასამართალოს გადაწყვეტილებას წელს ელოდება
აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის დავაზე საქართველო სტრასბურგის სასამართალოს გადაწყვეტილებას წელს ელოდება

საქართველო აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის დავაზე სტრასბურგის სასამართლოსგან გადაწყვეტილების გამოცხადებას წელს ელოდება.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგისგან უკვე წელს ველოდებით გადაწყვეტილების გამოცხადებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

რუსეთ-საქართველოს ომის საქმის არსებით მხარეზე წერილობითი პოზიციები და შესაბამისი მტკიცებულებები საქართველომ პირველად წარადგინა 2014 წლის 31 დეკემბერს, ამის შემდეგ დამატებით − 2016 წლის 19 თებერვალს და 31 მარტს, 2017 წლის 31 იანვარსა და 24 ნოემბერს. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა, 2009 წლის 6 თებერვალს კი, საქართველომ წარადგინა დაზუსტებული საჩივარი; სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საჩივარი მისაღებად ცნო, არსებითი მხარის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე.