აგვისტო-დეკემბერში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 70.7 მლნ დოლარი შეადგინა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 70.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 4 000 ტონით (41 პროცენტი) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 21.5 მლნ აშშ დოლარით (44 პროცენტი) გაიზარდა.
„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 694 ტონა), იტალიაში (3 368 ტონა), ჩეხეთში (660 ტონა), ლიეტუვაში (379 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (408 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (274 ტონა), ლატვიაში (106 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლუქსემბურგში (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ბელგიაში (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (807 ტონა), რუსეთი (627 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (404 ტონა), უკრაინა (240 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (145 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 000 ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბურმა ღონისძიებების შედეგია“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.