აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზიანების შესახებ წარდგენილია 700-ზე მეტი შეტყობინება. ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან და „თიბისი დაზღვევის“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ჯამბულ ტუხიაშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერა.

სააგენტოს ცნობით, სოფელ ძევერას მკვიდრს, ჯამბულ ტუხიაშვილს სეტყვის შედეგად გაუნადგურდა მოსავლის 50 პროცენტო. „თიბისი დაზღვევა“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 16 500 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70 პროცენტის თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 1.65 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 990 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70 პროცენტი, ხოლო ვაზზე 50 პროცენტია. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 9 834 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 4 985 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,148,239 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 10,473 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 96,497,027 ლარია.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.