აგრესიული კიბოს უჯრედები მეცნიერებმა ჯანმრთელ უჯრედებად გარდაქმნეს — #1tvმეცნიერება
ბავშვის კიბოს განსაკუთრებით აგრესიული ფორმას, რომელიც კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება, მალე შეიძლება სამკურნალო საშუალება გამოუჩნდეს.
მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს რაბდომიოსარკომის უჯრედების ნორმალურ, ჯანსაღ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა. ეს მიღწევა შეიძლება ამ სასტიკი დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ადამიანის სხვა ტიპის კიბოების მკურნალობაში.
„უჯრედები ფაქტობრივად კუნთებად გადაიქცა. სიმსივნემ კიბოს ყველა მახასიათებელი დაკარგა“, — ამბობს ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგი კრისტოფერ ვაკოჩი.
კიბო მონოლითური რამ არ არის. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში უჯრედები მუტაციას განიცდის. რაბდომიოსარკომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. როგორც წესი, იწყება ჩონჩხის კუნთში, როდესაც მისი უჯრედები მუტაციას განიცდის, იწყებენ გამრავლებას და მთელ სხეულს ედებიან.
რაბდომიოსარკომა აგრესიულია და ხშირად, მომაკვდინებელიც; შუალედური რისკის ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებლები 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.
მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტს, რომელიც იმედისმომცემი აღმოჩნდა, დიფერენციაციის თერაპია ეწოდება. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ლეიკემიის უჯრედები სრულად მომწიფებული არ არის, ისეთი არადიფერენცირებული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ჩამოყალიბებული რომელიმე კონკრეტული ტიპის უჯრედებად. დიფერენციაციის თერაპია ამ უჯრედებს განვითარების გაგრძელებას და კონკრეტული ტიპის მომწიფებულ უჯრედებად დიფერენცირებას აიძულებს.
წინა კვლევაში, ვაკოჩმა და მისმა ჯგუფმა ეფექტიანად უკუაქციეს კიბოს უჯრედების მუტაცია, რომელიც იუინგის სარკომაში გაჩნდა — ბავშვის კიდევ ერთ კიბოში, რომელიც ძირითადად ძვლებში ჩნდება.
მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე წარმატების გამეორება რაბდომიოსარკომის შემთხვევაშიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ დიფერენციაციის თერაპია ამ დაავადებისგან ათწლეულობით იყო დაშორებული.
გენეტიკური სკანირების მეთოდით სცადეს იმ გენების გამოვლენა, რომლებიც შეიძლება რაბდომიოსარკომის გენებს კუნთოვან უჯრედებად გადაქცევას აიძულებდა. პასუხს მიაგნეს ცილაში, რომელსაც ბირთვული ტრანსკრიფციის ფაქტორი Y ეწოდება (NF-Y).
რაბდომიოსარკომის უჯრედები წარმოქმნიან ცილას, სახელად PAX3–FOXO1, რომელიც კიბის გამრავლებას იწვევს და სწორედ ამ ცილაზეა დამოკიდებული კიბო.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცილა NF-Y-ის გათიშვა ააქტიურებს ცილა PAX3–FOXO1-ს, რაც თავის მხრივ, უჯრედებს აიძულებს განვითარდნენ და დიფერენცირდნენ მომწიფებულ კუნთოვან უჯრედებად, კიბოს აქტივობის ნიშების გარეშე.
მკვლევართა განცხადებით, ეს საკვანძო ნაბიჯია რაბდომიოსარკომის დიფერენციაციის თერაპიის შესაქმნელად და შეიძლება დააჩქაროს ის დრო, რომელიც ასეთი მკურნალობის შესაქმნელად არის საჭირო.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი მეთოდი, რომელიც სარკომის ორ სხვადასხვა ტიპზე გამოცადეს, სარკომის და კიბის სხვა ტიპებზეც შეიძლება გამოიყენონ , რადგან ის მეცნიერებს იმ ხელსაწყოებს აძლევს, რომლებიც იმის საპოვნელად არის საჭირო, თუ როგორ გამოიწვიონ კიბოს უჯრედების დიფერენცირება.
„ყოველ წარმატებულ მედიკამენტს თავისი ისტორია აქვს. ასეთი კვლევები ის ნიადაგია, რომელშიც ახალი წამლები იბადება“, — ამბობს ვაკოჩი.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია cshl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.