აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე მოსმენა გამართა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში) მესამე ზეპირი მოსმენა სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა.
თემატურ მოსმენაში, რომელსაც თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, საქართველოს მეცხვარეთა და ექსპორტის განვითარების ასოციაციების, Agrolane/აგროლეინის (ცოცხალი და გაყინული ხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი), გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც თემატური ჯგუფის წევრმა აღნიშნა, მოკვლევის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხში არსებულ ხარვეზებსა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებზე გამახვილდა.
სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ფერმერთა საჭიროებების გამოკვეთის შემდეგ, მოკვლევის ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა ჯგუფის ექსპერტი ილია თამარაშვილი (USAID Financial Innovation Program-ის მხარდაჭერით).
თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.