აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის რეგიონული სემინარი გაიმართა 
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის რეგიონული სემინარი გაიმართა 

ბათუმში 6-8 მაისს საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის, ჩატარდა სემინარი, თემაზე პარლამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები) და კომუნიკაცია.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარის მონაწილე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელორუსის პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თანამშრომელთა გადამზადების მიმართულებით ლიეტუვასა და ევროპული ქვეყნების გამოცდილებას გაეცნენ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატთან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

სემინარის დასასრულს, მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიმართა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა, „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში დაფუძნებულ რეგიონალურ ქსელსა და თანამშრომლობაზე, ამ ფორმატის შექმნის თარიღიდან (2018 წლის 25 სექტემბერი) დღემდე განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და რეგიონალური ქსელის გაძლიერებას მოიცავს.

„ზამთრის აკადემიის“ შემდეგ, „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში მორიგი რეგიონული ღონისძიების წარმატებით ჩატარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მნიშვნელობასა და „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის განვითარების აქტუალურობას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების თანამშრომლებისთვის მორიგი ღონისძიების – ზაფხულის აკადემიის გამართვა ივლისის დასაწყისში იგეგმება და პარლამენტის საზედამხედველო კონტროლის ფუნქციების გაძლიერების საკითხებს და არსებული გამოცდილების გაზიარებას დაეთმობა.