აღმოჩენილია უცნაური ვარსკვლავი, რომელიც ასტრონომთა აზრით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს
ირმის ნახტომის გარე ნაწილში, გალაქტიკურ ჰალოში დაცურავს ერთი ციცქნა, უძველესი ვარსკვლავი სახელად J0023+0307, რომელიც ასტრონომებს დიდ საგონებელში აგდებს. ასეთი ძველი ვარსკვლავები, როგორც წესი, ჰალოში არ გვხვდება. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ის არ შეიცავს მნიშვნელოვანი ოდენობის ნახშირბადს. ეს ფაქტი იმდენად უცნაურია, რომ მის აღმომჩენ ასტრონომთა აზრით, ეს ვარსკვლავი „საერთოდაც არ უნდა არსებობდეს“.
ახლახან, J0023+0307-ის შესახებ მათ კიდევ რაღაც განსაკუთრებული გაარკვიეს. როგორც ჩანს, ის საკმაოდ დიდი ოდენობით ლითიუმს შეიცავს.
როგორც წესი, ძალიან ძველ ვარსკვლავთათვის ეს ფაქტი არც ისე იშვიათია, მაგრამ ეს სრულიად მოულოდნელი იყო J0023+0307-ისთვის, რომელიც დიდი აფეთქებიდან პირველი 300 მილიონი წლის განმავლობაში დაიბადა, პირველი თაობის ვარსკვლავთა სიკვდილის დაწყებიდან მალევე.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომის, დავიდ აგუადოს განცხადებით, ეს პირველყოფილი ვარსკვლავი მათ აკვირვებს ლითიუმის მაღალი შემცველობით და სავარაუდოდ, კავშირი აქვს დიდი აფეთქების დროს წარმოქმნილ პირველად ლითიუმთან.
13,8 მილიარდი წლის წინ, როცა სამყარო დაიბადა, წარმოიქმნა მხოლოდ ძალიან მსუბუქი ელემენტები. მათ შორის იყო ძირითადად წყალბადი და ჰელიუმი, ასევე ძალიან მცირე ოდენობის ლითიუმი და ბერილიუმი.
პროცესს, რომლის დროსაც დიდი აფეთქებისას გაჩენილი ნეიტრონების, პროტონების, ელექტრონების, პოზიტრონების, ფოტონებისა და ნეიტრინოების პირველყოფილ ზღვაში ეს ელემენტები ჩამოყალიბდა — დიდი აფეთქების ნუკლეოსინთეზი ეწოდება.
მძიმე ელემენტები ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა, რადგან ისინი პირველი თაობის ვარსკვლავთა წიაღში გამოიჭედა. როცა ეს ვარსკვლავები დაიხოცნენ, თავიანთი შემცველობა კოსმოსში გადმოაფრქვიეს; მათ მიერ გამოჭედილი ეს ელემენტები ახალი თაობის ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესში ჩაერთო.
სწორედ ასე პოულობენ სპექტროსკოპიის საშუალებით ძალიან ბებერ ვარსკვლავებს. თუკი ისინი ძალიან ბევრ მძიმე ელემენტს არ შეიცავენ, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ისინი იქამდე დაიბადნენ, ვიდრე სამყაროში ეს ელემენტები გაჩნდებოდა. J0023+0307-ის მეტალების შემცველობა მზის მეტალიანობის მეათასედია და წარმოადგენს რკინით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ მნათობს ჩვენთვის ცნობილ ვარსკვლავთა შორის.
მიუხედავად ნახშირბადის უჩვეულო შემცველობისა, J0023+0307-ს დაახლოებით იგივე ოდენობის ლითიუმი აქვს, რამდენიც მეტალებით უკიდურესად მწირ სხვა ვარსკვლავებს.
ჩვეულებრივ ვარსკვლავებში, დაახლოებით 2,5 მილიონ გრადუს ცელსიუსზე, რაც აუცილებელია ვარსკვლავური წყალბადის ბირთვული სინთეზისთვის, ლითიუმი იწვის, ნადგურდება. შედარებით დიდ ვარსკვლავებს ლითიუმის შენარჩუნება გარე ცივ ფენებში შეუძლიათ, მაგრამ ზოგადად, პატარა ვარსკვლავები ამას ვერ ახერხებენ და ლითიუმს საერთოდ არ შეიცავენ.
მეტალებით მწირი ვარსკვლავები ისე მაღალ ტემპერატურამდე არ ხურდება, როგორც უფრო გვიანდელი, ლითონების მაღალი შემცველობის მქონე ვარსკვლავები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლითიუმი, რომელსაც ისინი შეიცავენ, არის ლითიუმი, რომელიც მათში დაბადებისას მოხვდა. გამომდინარე აქედან, შესაძლებელია, რომ J0023+0307-ში არსებული ლითიუმი დიდი აფეთქების ნუკლეოსინთეზის დროს არის წარმოქმნილი. ამ ფაქტმა კი შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს დიდი აფეთქების საიდუმლოს.
კვლევა ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია iac.es-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.