აღმოჩენილია სამოთხის ჩიტების ახალი, ულამაზესი სახეობა
20:38, 25.04.2018
ორნითოლოგებმა ახალი ფრინველის კლასიფიცირება მოახდინეს — ვოგელკოპის მეკრავიასებრი სამოთხის ჩიტი საკუთარი სახეობიდან მას შემდეგ გამოაცალკევეს, რაც გაირკვა, რომ ერთნაირი შესახედაობის ორ ფრინველს შორის მნიშვნვნელოვანი სხვაობები იყო.
ეს სამოთხის ჩიტები გამოირჩევიან იმდენად შავი ბუმბულებით, რომ ისინი თითქმის მთლიან სინათლეს შთანთქავენ. შთამბეჭდავია მათი ცეკვაც. მაგრამ როგორც მეცნიერებმა ახლახან გაარკვიეს, ისინი სინამდვილეში ორ სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან.
წლების განმავლობაში, ვოგელკოპის სამოთხის ჩიტს ხალხი შეცდომით აკუთვნებდა უფრო ფართოდ გავრცელებულ და მასთან ახლოს მონათესავე სახეობას — სამოთხის მშვენიერ ჩიტებს.
„მას შემდეგ, რაც ნახავთ თუ რა ფორმებს იღებს და როგორ იქცევა ვოგელკოპი ველურ ბუნებაში, ეჭვგარეშეა, რომ ის ცალკე სახეობაა. განსხვავებებს შორის არის ცეკვა პარტნიორის მისაზიდად, ხმები; განსხვავებული არიან მდედრები. მამრების ფორმებიც განსხვავებულია“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ედ სქულზი.
ფოტოზე მარცხნივ ხედავთ ფართოდ გავრცელებულ სამოთხის მშვენიერ ჩიტს, თავისი ცნობილი შავი მომღიმარი სახით. მარჯვნივ კი თქვენ ხედავთ ახლად იდენტიფიცირებულ ვოგელკოპის სამოთხის მშვენიერ ჩიტს, რომელსაც თითქოს უფრო მოღუშული სახე აქვს.
ორივე ფრინველი ახალი გვინეის ენდემია, თუმცა ვოგელკოპი გვხვდება მხოლოდ კუნძულის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ვოგელკოპის რეგიონში.
ამ ორიდან უფრო გავრცელებულ სახეობას მკვლევრებმა სახელი შეუცვალეს და „დიდი მშვენიერი სამოთხის ჩიტი უწოდეს“.
ახალი სახეობის არსებობას ადასტურებს ახლახან გამოქვეყნებული აუდიოვიზუალური მასალაც.
როგორც ვიდეოში ჩანს, პარტნიორის მისაზიდად ცეკვისას, მამრი ვოგელკოპის გაშლილი კუდი სრულიად სხვანაირი შესახედაობისაა, ვიდრე მისი უფრო გავრცელებული თანამოძმის.
გარდა ამისა, განსხვავდება მამრი ვოგელკოპის ცეკვის სტილიც — ის უფრო ნელ მოძრაობებს აკეთებს.
კორნელის ლაბორატორიის სამოთხის ჩიტების პროექტი წარმოადგენს კვლევასა და საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც ეძღვნება სამოთხის ჩიტების დოკუმენტირებას, დახასიათებასა და დაცვას. ეს ფრინველები ბინადრობენ კუნძულ ახალ გვინეაზე — პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს ტროპიკულ ველურ ბუნებაში.