მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცხოველის ნაკვალევი, რომელიც უძველესია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ნაფეხურები 550 მილიონი წლის წინანდელია.
ნაკვალევი სამხრეთ ჩინეთში, ნამარხებით მდიდარ დენგინგის ფორმაციაზე აღმოაჩინეს. შედეგად, მეცნიერებს ხელში ჩაუვარდათ პირველი მტკიცებულება, რომ ცხოველთა უძველესი ჯგუფი, სახელად ბილატერია, სინამდვილეში კემბრიულ აფეთქებამდე არსებობდა.
ეს „აფეთქება“ დაახლოებით 541 მილიონი წლის წინ მოხდა და წარმოდგენდა ცხოველთა ტიპების დივერსიფიცირებულ, სწრაფ გავრცელებას სულ რაღაც 25 მილიონი წლის მონაკვეთში.
მანამდე, ცხოველური სიცოცხლე დედამიწაზე შედგებოდა მარტივი ერთ ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისგან. კემბრიულ პერიოდში ჩამოყალიბდნენ უფრო კომპლექსური ქმნილებები, რომლებსაც დღესაც ვხედავთ. მათ შორის არიან ბილატერული ცხოველები, რომელთაც აღენიშნებათ პირველი ბიოლოგიური სიმეტრია.
ევოლუციის ამ ნაყოფიერმა მონაკვეთმა მათ უბოძა ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა თავი, კუდი, მუცელი და რაც ყველაზე მთავარია — ფეხები.
„ასეთ გამონაზარდებს ცხოველები იყენებდნენ გადასაადგილებლად, ბუნაგების ასაშენებლად, საბრძოლველად, კვებისათვის და ზოგჯერ პარტნიორთა დასახმარებლადაც“, — უთხრა გეობიოლოგმა შუჰაი შიაომ The Guardian-ს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის გამოჩნდა ეს გამონაზარდები პირველად და რომელ ცხოველებში, რათა დადგინდეს, როდის და როგორ დაიწყეს ცხოველებმა დედამიწაზე განსაკუთრებული ცვლილება.
მეცნიერთა აზრით, კამბრიულ ხანამდე, ედიკარიულ პერიოდში, პირველი ფეხები უნდა ჰქონოდათ ბილატერული ცხოველებს, ძირითადად ფეხსახსრიანებსა და რგოლოვან ჭიებს. თუმცა ეს მოსაზრება მტკიცებულებებით ამ დრომდე არ დასტურდებოდა.
სწორედ ამიტომ აქვს დენგინგის ფორმაციაზე აღმოჩენილ ნაკვალევს უდიდესი მნიშვნელობა ევოლუციური ისტორიის აღქმაში გასარკვევად. ბილატერული ცხოველის ერთი პატარა ნაბიჯი უზარმაზარი ნახტომია ცხოველთა სამეფოსათვის.
საერთოდაც, ამაღელვებელი თავად მისი აღმოჩენის ფაქტია.
550 წლის წინანდელი ნაფეხურების ზომა სიგანეში მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრია და შედგება ნაბიჯების ორი მწკრივისგან. მკვლევართა თქმით, ეს მწკრივები სუსტად ორგანიზებულია, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს სიარულის ვარიაციებით ან ურთიერთქმედებით ზედაპირთან, რომელიც ერთ დროს უძველესი მდინარის კალაპოტი უნდა ყოფილიყო.
შიაოს თქმით, ნაბიჯები ორგანიზებულია ორ პარალელურ მწკრივად. როგორც ჩანს, ეკუთვნის წყვილი გამონაზარდების მქონე ცხოველს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს პრეისტორიული არსება ბიპედალური არ იყო, როგორც მაგალითად, ადამიანები ვართ. მას უნდა ჰქონოდა მრავალი წყვილი ფეხი, როგორც ობობას ან ცხრაფეხას.
მკვლევართა განცხადებით, დაზუსტებით ცნობილი არ არის, რომელ ცხოველს ეკუთვნის ნაკვალევი, მაგრამ მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ბიოლოგიური სიმეტრია, რადგან შეიმჩნევა წყვილი გამონაზარდები (ფეხები).
აღსანიშნავია, რომ ნაკვალევი აღმოჩენილია ნამარხი სოროების გვერდით. მკვლევართა აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს არსება გამორჩეული უნდა ყოფილიყო კომპლექსური ქცევებით. მაგალითად, შესაძლოა, პერიოდიულად თხრიდა დანალექებს, რათა მდინარის ფსკერის ჰაბიტატში მიეღო საჭირო ჟანგბადი და საკვები.