აღმოჩენილია დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძული — #1tvმეცნიერება
11:11, 30.08.2021
მეცნიერებმა აღმოაჩინეს კუნძული, რომელიც მათი აზრით, მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ხმელეთის მასაა. ჯერ უსახელო კუნძული გრენლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს და მალე შეიძლება, ზღვის წყალმა შთანთქას.
მკვლევრები ამ მიწას ივლისში გამართული ექსპედიციისას წააწყდნენ და თავდაპირველად იფიქრეს, რომ ეს ოოდააკი იყო — ამ დროისათვის ყველაზე ჩრდილოური კუნძული მსოფლიოში.
„გავარკვიეთ, რომ ჩემი GPS ხარვეზით მუშაობდა, რამაც თავიდან გვაფიქრებინა, რომ კუნძულ ოოდააკზე ვიმყოფებოდით. სინამდვილეში კი აღმოვაჩინეთ უფრო ჩრდილოეთით მდებარე კუნძული, რომელიც დანიის სამეფოს ტერიტორიას ცოტათი კიდევ უფრო ზრდის“, — ამბობს მისიის ხელმძღვანელი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარი მორტენ რახი.
კუნძული ოოდააკი ჩრდილოეთ პოლუსიდან 700 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს, ახალი კუნძული კი ოოდააკიდან 780 მეტრით ჩრდილოეთით არის.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჯერ უსახელო კუნძული გრენლანდიის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილია და ამავე დროს წარმოადგენს დედამიწის ხმელეთის ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოეთ წერტილს.
თუმცა, კუნძული ზღვის დონიდან სულ რაღაც 30-60 მეტრის სიმაღლეზეა და როგორც რახი აღნიშნავს, ის შეიძლება მალე ზღვამ შთანთქას.
„არავინ იცის, რამდენ ხანს გაძლებს ეს კუნძული; შეიძლება მაშინვე გაქრეს, როგორც კი ამ ზონას მძლავრი შტორმი დაარტყამს“, — ამბობს რახი.
კლიმატის ცვლილებაგრენლანდიას განსაკუთრებით აზარალებს, რადგან მაღალი ტემპერატურა ადნობს მის მყინვარებს, რომელთა წყალიც ზღვის დონის მატებას იწვევს.