აღმოჩენილია 40 მილიონი წლის წინანდელი დავიწყებული კონტინენტი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია 40 მილიონი წლის წინანდელი დავიწყებული კონტინენტი — #1tvმეცნიერება

დაბლობი კონტინენტი, რომელიც დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ არსებობდა და ეგზოტიკური ფაუნის სამფლობელო იყო, შესაძლოა, აზიური ძუძუმწოვრებისთვის სამხრეთ ევროპაში გადასვლის ძირითადი გზა გახდა. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს.

ევროპას, აფრიკასა და აზიას შორის ჩაჭედილი ეს დავიწყებული კონტინენტი, რომელსაც მკვლევრებმა „ბალკანატოლია“ უწოდეს, დაახლოებით 34 მილიონი წლის წინ აზიასა და ევროპას შორის ჭიშკარი გახდა, როდესაც ზღვის დონემ დაიწია და წარმოიქმნა სახმელეთო ხიდი.

„ძალიან მწირად არის შესწავლილი, როდის და როგორ გადავიდა აზიურ ძუძუმწოვართა პირველი ტალღა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, — ამბობს პალეონტოლოგი ალექსის ლიხტი.

თუმცა, შედეგები დიდი და დრამატული იყო. დაახლოებით 34 მილიონი წლის წინ, ეოცენის ეპოქის დასასრულს, დასავლეთ ევროპაში ახალი, აზიური ძუძუმწოვრები გამოჩნდნენ და ადგილობრივ ძუძუმწოვართა უზარმაზარი ოდენობა უბრალოდ გაქრა; ამ უცაბედ გადაშენებას ეოცენ-ოლიგოცენის გადაშენების მოვლენას უწოდებენ.

ბალკანეთში ბოლო დროს აღმოჩენილმა ნამარხებმა ეს ქრონოლოგია უფრო წარსულში გადაწია და მიუთითა „უჩვეულო“ ბიორეგიონისკენ, რომელმაც როგორც ჩანს, აზიურ ძუძუმწოვრებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კოლონიზების საშუალება ეოცენ-ოლიგოცენის გადაშენებამდე 5-10 მილიონი წლით ადრე მისცა.

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის პალეონტოლოგმა ალექსის ლიხტმა და მისმა კოლეგებმა ხელახლა შეისწავლეს ამ ზონის ყველა ცნობილ ძეგლზე აღმოჩენილი ნამარხი მტკიცებულებები; ეს ზონა კი მოიცავს დღევანდელ ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და აზიის უკიდურეს დასავლეთ შვერილს, ანატოლიას.

ამ ძეგლების ასაკი გადაიხედა ამჟამინდელ გეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით; ჯგუფმა აღადგინა ამ რეგიონში მომხდარი პალეოგეოგრაფიული ცვლილებები, რომელსაც ეპიზოდური ჩაძირვებისა და ხელახლა გამოჩენის კომპლექსური ისტორია აქვს.

შედეგად დაადგინეს, რომ ბალკანატოლია ცხოველებისთვის ხიდის როლს ასრულებდა აზიიდან დასავლეთ ევროპაში გადასასვლელად, რომ უძველესი სახმელეთო მასა დამოუკიდებელი კონტინენტიდან სახმელეთო ხიდად გადაიქცა და მისი გავლით აზიიდან შეჭრილმა ცხოველებმა დრამატული პალეოგეოგრაფიული ცვლილებები გამოიწვიეს.

ბალკანატოლია

დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ, ბალკანატოლია იზოლირებული არქიპელაგი იყო, მეზობელი კონტინენტებისგან გამოყოფილი. როგორც ანალიზები მიუთითებს, მასზე გავრცელებული იყო ევროპისა და აღმოსავლეთ აზიისგან განსხვავებული უნიკალური მცენარეულობა და ცხოველები.

შემდეგ, დაახლოებით 40-43 მილიონი წლის წინ, ზღვის დონის დაწევის, ანტარქტიკული ყინულის საფარისა და ტექტონიკური ცვლილებების შედეგად, ბალკანატოლია დასავლეთ ევროპას შეუერთდა.

ამან კი, როგორც ნამარხები აჩვენებს, აზიურ ცხოველებს, მათ შორის მღრღნელებსა და ოთხფეხა ჩლიქოსან ძუძუმწოვრებს ბალკანატოლიაში შეჭრის საშუალება მისცა და დასავლეთის მიმართულებით გაუხსნა გზა.

ლიხტმა და მისმა კოლეგებმა თურქეთში ასევე აღმოაჩინეს დაახლოებით 38-35 მილიონი წლის წინანდელი ყბის ძვლის ფრაგმენტი, რომელიც მარტორქის მსგავს ცხოველს ეკუთვნის.

ეს ნამარხი უდავოდ უძველესია ანატოლიაში ამ დრომდე აღმოჩენილ აზიურის მსგავს ჩლიქოსანთა ნამარხებს შორის და ეოცენ-ოლიგოცენის გადაშენების მოვლენას სულ მცირე 1,5 მილიონი წლით უსწრებს წინ; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აზიური ძუძუმწოვრები ბალკანატოლიის გავლით საკმაოდ კარგად გადადიოდნენ ევროპაში.

ევროპისკენ ბალკანატოლიის გავლით მიმავალი ეს სამხრეთული გზა მოგზაურ ცხოველთათვის ალბათ უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე მაღალ განედებზე, ცენტრალურ აზიაზე გამავალი გზები, რომლებიც უფრო მშრალი, ცივი და უდაბური სტეპები იყო.

თუმცა, როგორც ლიხტი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, ბალკანატოლიის ცალკეულ კუნძულებს შორის წარსული კავშირი და ამ სამხრეთ დისპერსიული მარშრუტის არსებობა მაინც საკამათო რჩება; ამბავი მხოლოდ ძუძუმწოვართა ნამარხებს ეფუძნება და ბალკანატოლიის ბიომრავალფეროვნების უფრო სრულყოფილი სურათი ჯერ არ გვაქვს.

ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის მრავალი ის გეოლოგიური ცვლილება, რამაც ბალკანატოლია წარმოქმნა. შესაბამისად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიმოხილვა მხოლოდ ჯგუფის ინტერპრეტაციაა ნამარხებზე დაყრდნობით.

კვლევა Earth-Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.