დედამიწაზე მეტი რეპტილია ბინადრობს, ვიდრე ყველა ოჯახის ძუძუმწოვარი ერთად.
ქერცლიანების რიგი მოიცავს გველებს, ხვლიკებსა და ამფისბენების სახელით ცნობილ უფეხო ჭიებს. ეს რიგი უდიდესია დედამიწის ამჟამინდელ ბინადარ ხერხემლიანთა შორის.
მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა ძალიან ცოტა რამ იციან ამ არსებათა წარმოშობის შესახებ.
გენეტიკურ მტკიცებულებათა მიხედვით, ეს რიგი სათავეს იღებს პერმულ პერიოდში, 250 მილიონი წლის წინ. თუმცა, ჩვენთვის ცნობილი უძველესი ქერცლიანის ნამარხი 70 მილიონი წლით უფრო გვიანდელია.
„ეს დრო უფრო მეტია, ვიდრე ჩვენსა და დინოზავრებს შორის არის, ნამდვილად არ ვიცით, რა მოხდა“, — ამბობს ალბერტას უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ტიაგუ სიმონსი.
ამ ევოლუციური საიდუმლოს ახალ, ამაღელვებელ გასაღებს გვთავაზობს 240 მილიონი წლის ასაკის ნამარხი, რომელიც 3-ინჩიან არსება Megachirella wachtleri-ს ეკუთვნის.
სიმონსისა და მისი კოლეგების კვლევის მიხედვით, Megachirella არის „ყველა ხვლიკის დედა“, ქერცლიანთა რიგის ჩვენთვის ცნობილი უძველესი წინაპარი.
მისი არსებობა ხსნის პრიმიტიული რეპტილიებიდან უფრო დიდ, მრავალფეროვან რეპტილიებზე გადასვლას, რომლებიც დღეს ყველა კონტინენტზეა გავრცელებული ანტარქტიდის გარდა.
ალბერტას უნივერსიტეტის პალეონტოლოგის, მაიკლ კალდუელის განცხადებით, ეს ნამარხი ერთგვარი „როზეტას ქვაა“ იმ ინფორმაციის თვალსაზრისით, რომელსაც ის გველებისა და ხვლიკების ევოლუციის შესახებ იძლევა.
Megachirella-ს ნამარხი მოყვარულმა აღმოაჩინა ჩრდილოეთ იტალიაში, დოლომიტის მთებში. მისი აღწერა მეცნიერებმა 2003 წელს მოახერხეს. შეზღუდული ტექნოლოგიებისა და ქერცლიანთა რიგის არასრული გაგების გამო, მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებული არ იყვნენ, როგორ ჯდებოდა ახალი სახეობა რეპტილიების საგვარეულო ხეზე.
აღმოჩენიდან 50 წლის შემდეგ, მაღალი რეზოლუციის მიკრო CT სკანირების გზით შესაძლებელი გახდა იმ კლდის სიღრმეში შეხედვა და კვლევა, რომელშიც ნამარხი იყო ჩაჭედილი.
სინქოტრონის გამოყენებით, სიმონსმა და მისმა კოლეგებმა გამოავლინეს ნამარხის თავის ტვინის, ლავიწისა და კიდურების მახასიათებლები, რომლებიც ხვლიკებისთვის უნიკალურია.
სიმონსმა თავის სადოქტორო ნამუშევარი ცოცხალი და გადაშენებული ქერცლიანების საგვარეულო ხის გარკვევას მიუძღვნა.
როცა Megachirella დედამიწაზე დააბიჯებდა, ტრიასული ეპოქის შუა პერიოდში, პლანეტის ხმელეთის მასა ერთად იყო თავმოყრილი, ერთ სუპერკონტინენტად, რომელსაც პანგეას უწოდებენ. ჯერ არ იყო განვითარებული ყვავილები და მიწაზე ჭარბობდა ლიკოპოდიუმების სახელით ცნობილი პრიმიტიული მცენარეები.
ნამარხი აღმოაჩინეს ზღვის დანალექებისა და განმარხებული ხმელეთის მცენარეების გარემოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სანაპიროს, სადაც Megachirella ბინადრობდა, მძლავრმა შტორმმა დაარტყა და ციცქნა არსება ზღვიდან ამოაგდო.
სიმონსი და მისი ჯგუფი ჯერ კიდევ ეძებს მტკიცებულებებს Megachirella ქცევის შესახებ. ამ არსებისა და მის შემდგომ უძველეს ქერცლიან ნამარხს შორის ათობით მილიონი წელიწადია.
ცარცული პერიოდის (100 მლნ წლის წინ) მრავალი ნამარხი ხვლიკი სუფთად ვერ ჯდება რომელიმე ცნობილ მემკვიდრეობით ხაზში. ეს პრობლემა შესაძლოა, სწორედ Megachirella-მ გადაჭრას.
სიმონსის თქმით, მართალია, ახალი სახეობის შესახებ მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი უცნობია, მაგრამ მეორე მხრივ, ის საოცარ ცნობებს გვაწვდის ზოგადი რეპტილიებიდან უფრო ხვლიკების მსგავს მახასიათებლებში გადასვლის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით