აღმოაჩინეს თაგვები, რომლებიც ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, ძუძუმწოვრების სიცოცხლისთვის შეუფერებელ გარემოში ბინადრობენ — #1tvმეცნიერება
პუნა-დე-ატაკამაში არც ისე ბევრი რამ ცოცხლობს — ანდების მთების სუსხიან, მთვარისებრ ლანდშაფტში, სადაც ხშირია საშინელი ქარები, მწირადაა ჟანგბადი და თითქმის არ არის წყალი.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ უდაბური პლატოს 6000-მეტრიან ვულკანებზე მაინც ბინადრობენ თაგვები.
თავიდან, 1970-1980-იან წლებში, მწვერვალების კვლევისას არქეოლოგებმა პუნტა-დე-ვაკასის მთაზე ფოთოლყურა თაგვის (Phyllotis vaccarum) სხეულები იპოვეს, რომელიც ექსტრემალურ გარემო პირობებში მუმიფიცირებული იყო.
არქეოლოგებმა იფიქრეს, რომ თაგვები იქ თავისით ვერ მოხვდებოდნენ და ჩათვალეს, რომ ისინი უძველეს დროში მომთაბარე ინკების მიერ იყო დატოვებული; ცნობილია, რომ ინკა პილიგრიმები დიდ მანძილს გადიოდნენ წმინდა ადგილების მოსალოცად.
ამ პილიგრიმებმა იცოდნენ ერთი ცერემონიალი, სახელად კაპაკოჩა, რომლის დროსაც, ინკების ღმერთებს ბავშვებს და ცხოველებს სწირავდნენ. არქეოლოგთა ვარაუდით, თაგვები შეიძლება ინკები საკვებ პროდუქტებს შემთხვევით გაჰყოლოდნენ, ანდაც მიზანმიმართულად წაეყვანათ მსხვერპლად შესაწირად.
„არქეოლოგებს ვერ გაამტყუნებ, რადგან სხვა რა უნდა ეფიქრათ? არის რაიმე სხვა ახსნა? იქ ვერაფერი იცოცხლებდა და შესაბამისად, თაგვები იქ ვიღაცის მიერ უნდა ყოფილიყვნენ მიყვანილი“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ჯეი სტორცი.
მას შემდეგ, რაც სტორცი და მისი კოლეგები ვულკან სალინზე თაგვის მუმიას გადააწყდნენ, სისტემატური ძებნა დაიწყეს იქ და სხვა მწვერვალებზე. ეძებდნენ 21 ვულკანურ მწვერვალზე და ჯამში 13 თაგვის სხეული იპოვეს 6000 მეტრზე მაღლა.
სტორცის განცხადებით, თაგვები გაყინვით გამომშრალი, მუმიფიცირებულები იყო.
და რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელს, სტორცმა და მისმა კოლეგებმა ცოცხალი ფოთოლყურა თაგვი დაიჭირეს მწვერვალ ლიულიაილიაკოზე, 6700 მეტრის სიმაღლის ვულკანზე, რომელიც ჩილესა და არგენტინის საზღვარზე მდებარეობს. ასე გაჩნდა ახალი კითხვები მუმიფიცირებული თაგვების წარმომავლობის თაობაზე.
მკვლევართა განცხადებით, ეს იყო ასეთ სიმაღლეზე ბინადარი ძუძუმწოვრის აღმოჩენის პირველი შემთხვევა, მაგრამ არა უკანასკნელი. ცოცხალი თაგვები შემდეგ სხვა მწვერვალებზეც აღმოაჩინეს და ამბის ბოლომდე გასარკვევად, ზოგიერთი მუმიის შესწავლა დაიწყეს.
ანალიზების მიხედვით, მწვერვალ სალინზე აღმოჩენილი რვა და მწვერვალ კოპიაპოზე აღმოჩენილი ერთი თაგვის მუმია ბოლო რამდენიმე ათეული წლის წინანდელი იყო; თაგვები დაახლოებით 1955 წლის შემდეგ იყვნენ დახოცილი.
ვულკან პულარზე ნაპოვნი ოთხი მუმია შეიძლება უფრო ძველიც იყოს, დაახლოებით 350 წლის წინ მკვდარი, მაგრამ ეს მაინც ინკების იმპერიის დაცემიდან საუკუნის შემდეგი პერიოდია.
„ახლა სულ უფრო აშკარა ხდება, რომ თაგვები იქ თავად მოხვდნენ“, — ამბობს სტორცი.
მკვლევართა განცხადებით, მუმიფიკაცია მკვდარ თაგვებში დნმ-ის შენახვას უწყობს ხელს, რამაც მათ ატაკამის უდაბნოში სხვადასხვა სიმაღლეზე აღმოჩენილი თაგვების გენეტიკურ ვარიაციათა ანალიზის საშუალება მისცა; შედეგად, მიიღეს ცნობები მათი ევოლუციური ისტორიის შესახებ.
მკვლევრებს აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა მთის მწვერვალზე ნაპოვნი თაგვების გენომებს განსხვავებულ ქვეპოპულაციათა შემადგენლობა, გამოყოფილი იყვნენ თუ არა ზღვის დონიდან უფრო დაბლა ბინადარი სხვა ფოთოლყურა თაგვების პოპულაციებისგან.
„ჩვენი გენომიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მწვერვალებზე, მათ ძირში და მიმდებარე უდაბნოში აღმოჩენილი თაგვები ერთ დიდ ბედნიერ ოჯახს ეკუთვნის“, — ამბობს სტორცი.
თაგვის ორი მუმია ახლო ნათესავი აღმოჩნდა, სავარაუდოდ ან დედმამიშვილები, ან მშობელი და შვილი.
სხვა მინიშნებებთან ერთად, მათ შორის, მდედრი და მამრი მუმიების თანაბარი რაოდენობა, ცოცხალი თაგვის სოროების არსებობა — მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს თაგვები ტურისტები კი არ არიან, არამედ ადგილობრივები, რომლებმაც ამ მარსის მსგავს გარემოში გადარჩენის გზას მიაგნეს.
პუნა-დე-ატაკამა მარსს იმდენად ჰგავს, რომ NASA იქ წითელი პლანეტის მსგავსი გარემოს სიმულირებას ახდენს.
„ვულკანების ძირშიც კი, თაგვები ექსტრემალურ, მარსის მსგავს გარემოში ცხოვრობენ. უარესია მწვერვალებზე, ისეა, თითქოს კოსმოსში იყო“, — ამბობს სტროცი.
მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, როგორ შეუძლია რომელიმე ცხოველს, თანაც თბილსისხლიან ძუძუმწოვარს ასეთ გარემოში გადარჩენა და ფუნქციონირება. როდესაც ამ ყველაფერს თავად გამოცდი, გიჩნდება კითხვა, როგორ ცოცხლობს საერთოდ იქ რაიმე?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მკვლევრები ჯერ კიდევ ცდილობენ, რისთვისაც სხვადასხვა სიმაღლეზე აგროვებენ ფოთოლყურა თაგვებს, რათა მათი კოლონია შექმნან, შემდეგ კი მოახდინონ მათი აკლიმატიზაცია სხვადასხვა სიმაღლეზე იმის იმედით, რომ გაიგონ მათი ადაპტაციის საიდუმლო.
ასევე ცდილობენ იმის გარკვევასაც, არა მხოლოდ როგორ, არამედ რატომ ცხოვრობენ ეს თაგვები იქ. შეიძლება დაბლიდან მტაცებლებს გაექცნენ, მაგრამ ჩნდება კითხვა, ღირდა თუ არა ეს უსაფრთხოება ყინვის, შიმშილისა და დეჰიტრაციის საფრთხეებად?
კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.unl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.