„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ - 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება
„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ – იმოგზაურე საქართველოში 15 ივნისიდან. სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის საპრომოციო ახალი ბანერი გამოჩნდა.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროების და კვების ობიექტების მომსახურებით.
„შიდა ტურისტებს ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა მიეცემათ ეწვიონ ყველა იმ ტურისტულ ობიექტს, რომელიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების ზომების შესაბამისად და დაცული იქნება ჯანდაცვის ახალი სტანდარტებით“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
„მოხარული ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შიდა ტურიზმს გახსნის, ეს კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედებისთვის. გვსურს მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმოგზაურონ საქართველოში, აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია – ულამაზესი ბუნება, გამორჩეული კუთხეები, დაცული ტერიტორიები, კულინარია თუ კულტურა. 15 ივნისიდან ვიმოგზაუროთ საქართველოში, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, რომ კვლავ შეძლონ თქვენი მასპინძლობა, რაც ბევრი ადამიანის დასაქმების და შემოსავლის წყარო იქნება“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
მისივე თქმით, პირველი ივლისიდან კი, საქართველოს ტურისტულ მრავალფეროვნებას უკვე საერთაშორისო მოგზაურები აღმოაჩენენ.