აღმაშენებლის გამზირზე დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ 61-ე სკოლის დირექტორმა შორენა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვი შენობაში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც კიბის უჯრედიდან ჩავარდა.
„მისი მდგომარეობა სტაბილურია, კიბის უჯრედშია გადავარდნილი, რომელსაც ერთ-ერთი შუშა აკლდა და იქ ფარდა იყო ჩამოფარებული. ბავშვი ბებიასთან იდგა. როგორც ბებია ამბობს, ბავშვი ფარდით ჩასრიალდა“, – განაცხადა შორენა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, ადგილზე ღონისძიება იგეგმებოდა, რომელსაც მოსწავლეები და მშობლები უნდა დასწრებოდნენ.
„იგეგმებოდა ღონისძიება. იქ იყვნენ მოსწავლეები, მშობლები და რატომღაც ამ დარბაზში დაფარულად იყო ეს ადგილი. ბავშვმა ვერ დაინახა. მას წარბი აქვს გახეთქილი და ადეკვატურია. ჩვენ ვერ შევამოწმებდით მთელ დარბაზს, ეს იყო დარბაზის გარეთ პერიმეტრი, სადაც ხალხი ტრიალებდა და ელოდებოდნენ დარბაზში შესვლას“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5-დან მე-4 სართულზე ჩავარდა. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.