აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული ნიკა ჯამაგიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული ნიკა ჯამაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლე ნათია გუდაძის გადაწყვეტილებით, ჯამაგიძეს დაუბრუნდება გირაოს სახით გადახდილი 10 ათასი ლარიც.
როგორც ჯამაგიძემ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, სასამართლოს ობიექტურობაში დარწმუნებული იყო. ჯამაგიძის თქმით, ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ნასამართლევის სტატუსი ჰქონდა.
„დაკავების შემდეგ, პოლიციამ სასაფლაოზე წამიყვანა და მაიძულებდნენ, არჩადენილი დანაშაული მეღიარებინა“, – განაცხადა ჯამაგიძემ.
ამასთან, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, პოლიციელებზე, რომლებიც ნიკა ჯამაგიძის დაკავებაში მონაწილეობდნენ, გამოძიება მიმდინარეობს.
„ყველაზე მეტად, პროკურატურის ქმედებაა დასანანი. ეს საქმე შეკერილია პოლიციელების მხრიდან და ორი წლის განმავლობაში ძალიან დიდი რესურსი და დრო დაიხარჯა”, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
საქმის პროკურორის, ნათია ნოზაძის თქმით, ბრალდების მხარე მას შემდეგ გადაწყვეტს გასაჩივრდება თუ არა განაჩენი, რაც მოსამართლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გაეცნობა.
ნიკა ჯამაგიძე 2017 წლის 20 მარტს დააკავეს. ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ჯამაგიძე ბრალს არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.