აფრიკის ყველაზე მდიდარ ქალს ფულის გაფლანგვისა და თაღლითობის ბრალდება წაუყენეს
აფრიკის ყველაზე მდიდარ ქალს ფულის გაფლანგვისა და თაღლითობის ბრალდება წაუყენეს

აფრიკის ყველაზე მდიდარ ქალს, იზაბელ დოს სანტოსს ანგოლის პროკურორებმა ფულის გაფლანგვისა და თაღლითობის ბრალდება წაუყენეს. ანგოლის გენერალურმა პროკურორმა, ჰელდერ პიტა გროსმა განაცხადა, რომ ბრალდებები უკავშირდება ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სონანგოლში“ იზაბელ დოს სანტოსის თავმჯდომარეობის პერიოდს.

საქმესთან დაკავშირებით ასევე ბრალდებულია რამდენიმე ადამიანი. ანგოლის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავების საერთაშორისო ორდერი გაიცემა საზღვარგარეთ მცხოვრები ეჭვმიტანილების მიმართ, თუ ქვეყნის ხელისუფლების წინაშე არ წარდგებიან.

იზაბელ დოს სანტოსის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია „სონანგოლის“ ახალმა ხელმძღვანელმა, კარლოს სატურნინომ ქვეყნის ხელისუფლება სავარაუდო არარეგულარულ ფულად გზავნილებზე გააფრთხილა.

მიმდინარე კვირაში გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, ანგოლის ყოფილი პრეზიდენტის, ხოსე ედუარდო დოს სანტოსის შვილმა, იზაბელ დოს სანტოსმა 2.1 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება თავისი ქვეყნის ექსპლუატაციისა და კორუფციის გზით დააგროვა.

თავად იზაბელ დოს სანტოსი ყველა ბრალდებას უარყოფს.