აფრიკის ქვეყნებმა რუსეთს მარცვლეულის უფასო მიწოდების თხოვნით მიმართეს
აფრიკის ბევრმა ქვეყანამ რუსეთს მარცვლეულის უფასო მიწოდების თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა, ოლეგ ოზეროვმა განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, აფრიკის ქვეყნებიდან მიღებული თხოვნები მუშავდება, მათზე გადაწყვეტილებები მიიღება და შეძლებისდაგვარად განხორციელდება.
„აფრიკის კონტინენტზე შიმშილის მხრივ მდგომარეობა სერიოზულია. განსაკუთრებით საჰარა-საჰელის რეგიონში. არის ძალიან დიდი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, კონფლიქტების შედეგად მოსახლეობის მასების გადაადგილებას, ბუნებრივ მოვლენებს. მაგალითად, კალიების შემოსევებს, გვალვებს, წყალდიდობებს და ა.შ. სასურსათო უსაფრთხოება და შიმშილის აღმოფხვრა აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა“, – განაცხადა ოლეგ ოზეროვმა.
„მარცვლეულის შეთანხმების“ მოქმედება 18 ივლისს შეწყდა, როდესაც შეთანხმებიდან რუსეთი გავიდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ დასავლეთმა შეთანხმებით ნაკისრი პირობები არ შეასრულა.