აფრიკაში მარტორქებზე მონადირე ჯერ სპილომ მოკლა, შემდეგ ლომებმა შეჭამეს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კრუგერის ეროვნულ პარკში, ხუთი ბრაკონიერი მარტორქების დასახოცად შეიპარა. ამის შესახებ პარკის ადმინისტრაცია იუწყება.
ცოცხალი მხოლოდ ოთხი მათგანი გადარჩა.
მეხუთე ბრაკონიერი სპილომ მოკლა, შემდეგ კი ლომების ხროვამ შეჭამა.
პარკის ხელმძღვანელის გლენ ფილიპსის განცხადებით, კრუგერის პარკში უკანონოდ შესვლა და ისიც ფეხით, სასტიკად აკრძალულია, რადგან ადამიანს იქ მრავალი საფრთხე ემუქრება.
ოთხი გადარჩენილი ბრაკონიერი დაკავებულია და სასამართლოს წინაშე წარდგომაც მოუწევთ.
სამხრეთაფრიკული სააგენტო Times Live-ის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვლილი ბრაკონიერისა და მის თანმხლებთა შესახებ.
პოლიციის განცხადებით, სპილო მამაკაცს მოულოდნელად დაესხა თავს და მოკლა. ცოცხლად გადარჩენილმა ბრაკონიერებმა გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი გზამდე მიიტანეს, დილით კი პარკი დატოვეს.
ამის შემდეგ, ბრაკონიერებმა მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახს აცნობეს.
ოჯახის მიმართვის საფუძველზე, პარკში ცხედრის სამძებრო სამუშაოები დაიწყო, მაგრამ გვამის პოვნა ვერ მოხერხდა. მამაკაცის ნეშტის ნარჩენებს მხოლოდ მეორე დღეს, მდინარე კროკოდაილის სიახლოვეს მიაგნეს.
კრუგერის ეროვნული პარკის ვებგვერდის ცნობით, ეს ზონა განთქმულია ლომების ხროვებით, გარდა ამისა, იქვე ბინადრობს პარკის მარტორქათა პოპულაციის დიდი ნაწილი.
პარკის ადმინისტრაციის ცნობით, რეინჯერებმა მხოლოდ მამაკაცის თავის ქალა და შარვალი იპოვეს.
დანარჩენ ბრაკონიერთა დაკავების შემდეგ, ამოიღეს ორი .375-იანი სანადირო შაშხანა და ტყვია-წამალი.
სამხრეთ აფრიკაში მარტორქების ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს — 20 000 ინდივიდი აფრიკაში ბინადარი 25 000 ინდივიდიდან, მსოფლიო პოპულაციის დაახლოებით 80 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბრაკონიერობის მაჩვენებელი შემცირდა, გასული ათი წლის განმავლობაში, მათ მიერ მოკლულია 8000 მარტორქა.
ბრაკონიერობის მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდი იყო 2013-2017 წლებში, როცა სამხრეთ აფრიკაში წელიწადში 1000 მარტორქას კლავდნენ. 2018 წლისთვის ეს რიცხვი 769-მდე შემცირდა.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.