აფრიკაში ათასწლოვანი ბაობაბები მასობრივად ხმება - მეცნიერებმა მიზეზი არ იციან
აფრიკაში ათასწლოვანი ბაობაბები მასობრივად ხმება - მეცნიერებმა მიზეზი არ იციან

უკვე საუკუნეებია, ისინი აფრიკის სავანებს სხვა პლანეტიდან მოსული გიგანტებივით დაჰყურებენ, მაგრამ როგორც ჩანს, მათი გრძელი, თითქმის უკვდავი გზა დასასრულს უახლოვდება.

აფრიკული ბაობაბი, უდიდესი და ყველაზე დიდხანს გამძლე ხე ყვავილოვან მცენარეებს შორის, მომაკვდინებელი კრიზისის შუაგულშია. როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ბოლო ხანებში რამდენიმე ეს უძველესი ხე გახმა, ზოგიერთი კი შიდა კოლაფსის პროცესში იმყოფება.

„ნადვილად შოკისმომგვრელი და დრამატულია, როცა მოვესწარით ამდენი ათასწლოვანი ხის გახმობას“, — უთხრა The Guardian-ს ქიმიკოსმა ადრიან პატრუტმა.

ბაობაბს ზედმეტსახელად „სიცოცხლის ხესაც“ უწოდებენ. იმის გასარკვევად, როგორ შეუძლია ამ ხეს წყლის შენარჩუნება და ასე შთამბეჭდავ ზომებამდე გაზრდა, პატრუტმა და მისმა ჯგუფმა 2005 წელს მათი კვლევა დაიწყო. მკვლევრებმა შეისწავლეს აფრიკის 60 უდიდესი და სავარაუდოდ უძველესი ბაობაბი.

როგორც წესი, ხეების ასაკს მათი რგოლების მიხედვით ითვლიან (დენდროქრონოლოგია), მაგრამ პატრუტის თქმით, უჩვეულო ბიოლოგიის გამო, ბაობაბის შემთხვევაში ეს შეუძლებელია.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ბაობაბს არ აქვს ჩვეულებრივი, ერთი ტანი. ერთადაა თავმოყრილი ღეროების გროვა, რომლებიც ერთმანეთთან ვერტიკალურადაა შეზრდილი, მინი ტყის მსგავსად.


კვლევის ავტორთა თქმით, ბაობაბთა უმეტესობა ზრდას ერთი ღეროდან იწყებს.

„დროთა განმავლობაში, ერთღეროიანი ინდივიდები მრავალღეროიანი ხდება, რასაც განაპირობებს ბაობაბების უნარი, პერიოდულად წარმოქმნას ახალი ღეროები, ზუსტად ისე, როგორც სხვა ხეებს ტოტები ეზრდებათ. ამ განსაკუთრებული უნარის გამო, ბაობაბებს დროთა განმავლობაში უვითარდებათ მზარდად კომპლექსური არქიტექტურა“, — წერია კვლევაში.

ამ კომპლექსური არქიტექტურის კვლევისას, ჯგუფმა დაადგინა, რომ ხის ეს სტრუქტურები სწრაფად დეგრადირდებოდა — 2005 წლის შემდეგ, გახმა 13-დან რვა უძველესი ბაობაბი, ასევე მოკვდა ხუთი ხე ექვსი უძველესიდან.

„სტატისტიკურად, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ უძველეს, უდიდეს ბაობაბთა ასე დიდი რიცხვი ასე მცირე პერიოდში ბუნებრივი მიზეზებით გახმეს“, — უთხრა პატრუტმა National Geographic-ს.

მაგრამ თუკი ბუნებრივი მიზეზები არაფერ შუაშია, რა შეიძლება იყოს გიგანტური ხეების უცაბედი გახმობის მიზეზი?


მკვლევრებმა დაზუსტებით არ იციან, მაგრამ მაინც შეეცადნენ. მათი აზრით, ყველაფრის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

„ვეჭვობთ, რომ ბაობაბების განადგურება სულ მცირე ნაწილობრივ მაინც არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, რაც განსაკუთრებით შეეხო სამხრეთ აფრიკას. ყველაფრის გასარკვევად, დამატებითი კვლევებია საჭირო“, — წერს ჯგუფი.

თუკი რეალური დამნაშავე კლიმატის ცვლილებაა, ჩვენ წინაშეა კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ რამდენად აზიანებს ჩვენი დაუდევრობით გამოყოფილი ჭარბი ნახშირბადი ჩვენ გარშემო არსებულ მგრძნობიარე ეკოსისტემას. შედეგები კი ხშირად გამოუსწორებელია.

„გასაოცარია, როცა ხედავ 1000 და 2000 წლის ასაკის ჯანმრთელ ბაობაბებს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩენ, რომ ისინი მიწაზე უსიცოცხლოდ ყრია“, — უთხრა პატრუტმა National Geographic-ს.

კვლევა ჟურნალ Nature Plants-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.