აფრასიძეების საქმეზე დასრულებული გამოძიების შედეგებს ოჯახს უახლოეს დღეებში გააცნობენ
აფრასიძეების საქმეზე დასრულებული გამოძიების შედეგებს ოჯახს უახლოეს დღეებში გააცნობენ

აფრასიძეები საქმეზე ხელახალი გამოძიება დასრულდა და ძიების შედეგებს ოჯახის წევრებს პროკურატურაში უახლოეს დღეებში გააცნობენ, – ამის შესახებ პირველ არხს აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომლის ინფორმაციითაც, გარდაცვლილების ცხედრებს გამოძიების ფარგლებში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ.

ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნები უკვე მზადაა და დაზარალებულებისთვის ისინი პროკურატურაში დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

ამასთან, ადვოკატის თქმით, აფრასიძეების ოჯახი მთავარ პროკურორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, რაზეც ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

ადვოკატის განცხადებით, საქმეზე ხანდაზმულობის ვადა რამდენიმე თვეში იწურება და გარდაცვლილების ოჯახი დამნაშავეებისთვის ბრალის წარდგენის დაჩქარებას ითხოვს.

რაც შეეხება გამოძიების მიზანს, ირმა ჭკადუას თქმით, გარდაცვლილების ოჯახი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და გიორგი ბარამიძის პასუხისმგებლობას აყენებს სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად.

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.

სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.