აფრასიძეების საქმეზე დასრულებული გამოძიების შედეგებს გარდაცვლილების ოჯახს პროკურატურა დღეს გააცნობს
სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა გამოძიების შედეგებს მისი ოჯახის ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად დღეს მოისმენს.
ჭკადუას ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრებს გამოძიების ფარგლებში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ.
როგორც ადვოკატმა პირველ არხს უთხრა, ექსპერტიზის დასკვნები უკვე მზადაა და დაზარალებულებისთვის ისინი პროკურატურაში დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.
ირმა ჭკადუას განცხადებით, საქმეზე ხანდაზმულობის ვადა რამდენიმე თვეში იწურება და გარდაცვლილების ოჯახი დამნაშავეებისთვის ბრალის წარდგენის დაჩქარებას ითხოვს.
რაც შეეხება გამოძიების მიზანს, ირმა ჭკადუას თქმით, აფრასიძეების ოჯახი სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და გიორგი ბარამიძის პასუხისმგებლობას აყენებს
2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.
სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.